“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე 15 აპრილის 10 საათზე იწყება, პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით 16 აპრილს იმსჯელებენ.

ბოლო მოსმენის თარიღად 17 მაისია მითითებული.

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ დაარღვია და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული . კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. ამის შემდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.