„ქართული ოცნების“ თავდაცვის სამინისტრომ 11 აპრილს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 27-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გახსნეს. სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ონლაინ ფორმატში ჩაერთნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დისკუსიების შემდეგ, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით 21 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოეყოფა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააფრთხილა, რომ რუსეთი „აძლიერებს“ სამხედრო წარმოებას და აღნიშნა, რომ ევროპა ახლა „წამყვან როლს ასრულებს უსაფრთხოებაში დახმარების კუთხით, რისთვისაც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპას მადლობას ვუხდით“.
„ჩვენი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოგვისმინონ“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
იმავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი დღეს რუსეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/02/2025 – „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
- 09/01/2025 – “ქართული ოცნების” თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრას დაესწრო
- 07/09/2024 – თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
- 21/04/2023 – ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
This post is also available in: English (ინგლისური)