„ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ჯანმრთელობის მიზეზით თანამდებობას ტოვებს

1 hour ago 3

„ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 28 ივლისს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, მან გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას“, – წერს რუხაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კულტურის სამინისტროს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას,  სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, – დასძინა მან და მადლობა გადაუხადა კობახიძეს, მთავრობის წევრებს და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს მხარდასჭერისთვის. „ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს“, – წერს რუხაძე.

რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვალა, რომელმაც მინისტრის პოსტი დატოვა და პარლამენტში შევიდა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა