WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლება ომის დაწყებაში, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე იმ ოფიციალურ პირებს შორის იყვნენ, რომელთაც 8 აგვისტოს დილით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ადგილს ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს, ეწვივნენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები

„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას… ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით“.

„რაც შეეხება რუსეთს“, განაგრძო მან მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის რუსული ოკუპაციის ხსენებისგან თავს იკავებდა, „რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს… ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“.

„8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი… 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, – დასძინა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასევე დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყებაში.

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და, სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა რუსეთის ხსენების გარეშე. „მაგრამ მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო გაერთიანდეს“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ომი არ მოხდებოდა 2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო.

„ეს ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, მაშინ საქართველო გახდა „გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირი პაიკი, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მაშინ მარიონეტული რეჟიმის ხელით“. მისი თქმით, „ზუსტად იგივე სიტუაცია“ იყო 2022 წელს, როდესაც, მისი თქმით, იყო მცდელობები, საქართველო უკრაინაში ომში ჩაეთრიათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 მისი თქმით, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და „მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ“.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების „უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას“.

 „მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და „აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან“.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“.

„18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია“, – აცხადებს სამინისტრო. „საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება“.

This post is also available in: English