ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც ცხრა ქართულ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, 25 ოქტომბერს თბილისში აქცია დააანონსა სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“. აქციის მიზანია პროტესტი გამოხატოს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.
ალიანსმა მხარდამჭერებს 25 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებისკენ მოუწოდა. ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს კიდევ უფრო მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება. ეს თარიღი უწყვეტი ანტისახელისუფლებო აქციების დაწყების მეორე წლისთავს ემთხვევა.
აქციის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ეს საქმე ეხება, განაცხადეს, რომ მიიღეს შეტყობინებები სასამართლო სხდომების ჩანიშვნის შესახებ. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის თანამდებობების წართმევას, არამედ „ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევას“ ეხება.
„ეს არის ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და დიდი ისტორიისთვის მთავარი ოცნების – ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა. ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა. ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა“, – განაცხადა გვარამიამ. „ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქი, და ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად“.
გვარამიამ პირობა დადო, რომ მმართველ პარტიას როგორც სასამართლოში, ისე ქუჩის პროტესტის გზით დაუპირისპირდება.
„ჩვენ ვიქნებით ყველგან: სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და, რაც მთავარია, ქუჩაში თბილისში“, – განაცხადა მან. „გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე“.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ დაგეგმილი აქცია მხოლოდ ოპოზიციური ალიანსის ინიციატივა არ არის, არამედ მისი მიზანია, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები და ცალკეული პირები, რომლებიც თავისუფალ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.
„ფედერალისტური პარტიის“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 25 ოქტომბრის აქცია საფუძველს ჩაუყრის უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს, თბილისში, მასშტაბური დემონსტრაციით დაგვირგვინდება.
„ივანიშვილი ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით მხოლოდ იმას ავლენს, რომ ის ქართველ ხალხს და მის თავისუფალ არჩევანს არ ენდობა“ – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა. „თუ ეს პარტიები ცუდია, წესით, ქართველი ხალხი არ უნდა ირჩევდეს მათ, ვისაც კრძალავს“.
მისი თქმით, პარტიების აკრძალვის მცდელობა ოპოზიციის სტრატეგიას არ შეცვლის. „ოპოზიციური პარტიების გეგმა ამით არ იცვლება. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი და პრინციპული პროტესტის გაფართოება იქამდე, ვიდრე ივანიშვილს დათმობებზე არ წამოვიყვანთ“, – დასძინა მან.
This post is also available in:
civil ახალი ამბები