„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

6 hours ago 1

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 5 თებერვალს სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ პარლამენტს 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ მანდატების გაუქმების თხოვნით მიმართეს. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებისგან რეპრესიების ახალ ტალღას მოელიან, ხოლო „ქართული ოცნება“ თავის ნაბიჯს „პოლიტიკური საბოტაჟის“ აღკვეთის საჭიროებით ხსნის. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, „ქართული ოცნების“ სამმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ტოვებენ და „ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფს“ შექმნიან საპარლამენტო ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე.

უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტა შეეხოთ:  

  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ (19 მანდატი);
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ (16 მანდატი);
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” (14 მანდატი).

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა: „კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა მათ [სამი ოპოზიციური კოალიციის] წერილობით განცხადებას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“.

ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის მანდატების დაკარგვა ნიშნავს, რომ ისინი აღარ იქნებიან დაცული საპარლამენტო იმუნიტეტით. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თანახმად, იმუნიტეტი ნიშნავს, რომ „პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის“. ამასთან, „პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით“.

პარლამენტმა ასევე შეუჩერა უფლებამოსილება ირაკლი (დაჩი) ბერაიას, რადგან ის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ოპოზიცია პოლიტიკურ რეპრესიებს პროგნოზირებს

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მანდატების შეწყვეტას შესაძლოა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღა მოყვეს. „ივანიშვილს აქვს დავალება კრემლიდან, რომ გააუვნებელყოს ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო წინააღმდეგობასა და პროტესტში“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ არეულობაში მთავარია „ჩვენ ისე მივაწვეთ რეჟიმს, რომ ეს რეჟიმი წაიქცეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ „ვერანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი ზეწოლად ვერ გამოადგება ქართულ ოცნებას, თუნდაც ეს იყოს ადამიანების დაკავება, დაპატიმრება ან მათი მძევლად აყვანა“.

ოპოზიციური პარტია „გახარია – საქართველოსთვის“, რომელმაც 26 ოქტომბრის სადავო არჩევნებზე 12 მანდატი მოიპოვა, უარს ამბობს საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე და არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმურობას. თუმცა, პარტიას „ქართული ოცნების“ პარლამენტში მანდატის შეწყვეტის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ წარუდგენია.

„ქართული ოცნების“ პოზიცია

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერამ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიზანმიმართულად გამოიყენეს თავიანთი მანდატები „საბოტაჟის იარაღად“, რაც მმართველი პარტიის მხრიდან გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა. მისი თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ“.

„თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორ წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და „ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, იქნებიან საბოტაჟის  რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

„ევროპელი სოციალისტების“ ფორმირება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტას დაუჭირა მხარი, პარლამენტის სამმა დეპუტატმა ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ისინი „ტოვებენ“ „ქართულ ოცნებას“ და ახალ ოპოზიციურ ჯგუფს შექმნიან სახელწოდებით „ევროპელი სოციალისტები“. მათი თქმით, მათი მიზანი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გავლენასთან დაპირისპირება და ქვეყანაში „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებაში დახმარებაა.

„ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

მანამდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დატოვების სცენა „ხალხის ძალამაც“ გაითამაშა და მიზეზად მანაც „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბება დაასახელა. მოგვიანებით, სწორედ „ხალხის ძალამ“ დააინიცირა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და რეგულარულად აქვეყნებდა ვრცელ წერილებს, სადაც დასავლეთს აკრიტიკებდა და პოპულისტურ-კონსერვატიულ დღის წესრიგს ემხრობოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა