„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 13 მაისს საბოლოო მოსმენით საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებები, რომლებიც მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი არსებითად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.
28 მარტის განცხადებაში, საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსებისას, მდინარაძემ ოპოზიციური პარტიები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ „პარტიის საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“.
„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი“, – განაცხადა მდინარაძემ 14 აპრილს და დასძინა, რომ ეს „თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“ მოხდება. ადგილობრივი არჩევნები წელს 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/04/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
This post is also available in: English