„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობა გაზარდა

1 week ago 3

„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს ამცირებს, მაჟორიტარებს კი ზრდის. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გასული არჩევნები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, უადვილდება მაჟორიტარული წესით გამარჯვება, პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება კი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის შანსებს ზრდის.

მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით გადასანაწილებელი მაჟორიტარული მანდატების 89,5% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, როცა პროპორციული წესით მანდატების მხოლოდ 55,6% მიღება შეძლო.

  • კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი უბრუნდება 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ წლების წინ არსებულ მოდელთან დაბრუნება „ამომრჩეველთა ინტერესებით“ ახსნა.

კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ:

  • თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა 10-ია);
  • თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა 7-ია);
  • თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით, მაჟორიტარების რაოდენობა 6-დან 15-მდე მერყეობს, პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.
სრულად წაკითხვა