„ქართული ოცნების“ პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები დაინიცირდა

2 weeks ago 4

„ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისკენ მიმართული სხვა ზომების მიღებაა, ხოლო დაგეგმილი ცვლილებების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობის ზრდა სახელდება. შემოთავაზებული ცვლილებებით იცვლება ქვეყნის მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით და ინერგება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ახალი ზომები და უფრო მკაცრი ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

კანონში შესატანი ცვლილებებით, უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. უცხოელი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან, მათ შორის, მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება არ მიეცეს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განხორციელდეს უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.

ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებს ბიომეტრიული ზომების შემოღებას, მათ შორის საქართველოში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრები პირების ფოტოს გადაღებას და თითის ანაბეჭდის აღებას. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი უარს იტყვის ამ ვალდებულების შესრულებაზე, აღნიშნული მონაცემების აღება შესაძლოა განხორციელდეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით, ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რისკის შეფასების ახალ მექანიზმს, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმალვის რისკი. ამ ფაქტორებს შორისაა ყალბი დოკუმენტების გამოყენება, სამგზავრო დოკუმენტების განადგურება და პიროვნების ვინაობისა და მოქალაქეობის გაურკვევლობა. გარდა ამისა, ახალი რეგულაციების მიხედვით, ნებაყოფლობითი გამგზავრების ვადები 7-დან 30 დღემდე იქნება.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები ორ ახალ ჯარიმას ითვალისწინებს კონკრეტულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: საქართველოდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა. ისეთმა დანაშაულებმა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166), სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებების დაუმორჩილებლობა (მუხლი 173), საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან საზოგადოებრივი თავშეყრის ორგანიზებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებულმა დარღვევამ (მუხლი 174/1), შეიძლება გამოიწვიოს ეს ჯარიმები, მათ შორის შემოსვლის აკრძალვა სამ წლამდე ვადით.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯარიმები იმიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. უცხოელებს, რომლებიც საქართველოში კანონიერ ვადას სამ თვემდე ვადით გადააცილებენ, 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმა ან ექვსთვიანი შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონო ყოფნისას ისინი შეიძლება 3 000 ლარით ან სამი წლით შემოსვლის აკრძალვით დაჯარიმდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ტრანზიტის წესების დარღვევა ასევე გამოიწვევს უფრო მაღალ ჯარიმებს.

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები გაძევებასა და შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს დანაშაულისთვის ნასამართლევი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ახალი დებულებების თანახმად, მსუბუქ დანაშაულში დამნაშავე უცხოელებს შეიძლება აეკრძალოთ საქართველოში ხელახალი შემოსვლა ორიდან ათ წლამდე ვადით. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აკრძალვა შეიძლება ხუთიდან 20 წლამდე გაგრძელდეს.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც ხელს შეუშლის დეპორტაციის ბრძანების აღსრულებას. ეს მოიცავს სამგზავრო დოკუმენტების განზრახ განადგურებას ან უარის თქმას ასეთი დოკუმენტების მისაღებად აუცილებელ პროცედურებზე. დამრღვევებს ემუქრებათ გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან ექვს წლამდე.

შემოთავაზებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები საქართველოს 18 კანონში შევა.

შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული მმართველობის ფონზე დაინიცირდა. იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 91 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, მათ შორის თბილისის საპროტესტო აქციების 25 მონაწილე. იმ პირებს შორის, ვისაც ბოლო თვეებში, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, არიან უფლებადამცველები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა