WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 17 ოქტომბერს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებს დაესწრო. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება“, – განაცხადა კობახიძემ შაბათს, რამდენიმესაათიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ. „ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილულ იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები“.

კობახიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო, რომ როგორც პოლიტსაბჭოს წევრებს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“. მან დასძინა, რომ შეხვედრები „დისკუსიის ფორმატში“ წარიმართა და „ძალიან საინტერესო“ იყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს ან როგორი იყო ივანიშვილის პოზიციები.

მან ასევე დააანონსა ცვლილებები პარტიის პოლიტსაბჭოში და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეიყვანოს.

კობახიძის მიერ მედიისთვის გაკეთებული კომენტარიდან მალევე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საბჭოს სხდომაზე ივანიშვილმა გუნდს „აქტიური მუშაობისთვის“ მადლობა გადაუხადა. მან ასევე „შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“.

„ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English