„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ემიჯნებიან

2 weeks ago 15

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი 25-ზე მეტი კომპანია ემიჯნება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეწინააღმდეგება მოსახლეობის მისწრაფებას „ვიყოთ ევროპის ნაწილი“.

„საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები ვემიჯნებით საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას და დაკავებას. მოვითხოვთ დაკავაბულების დაუყონებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენი კოლეგისა და მეგობრის - გიორგი ოკმელაშვილის. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელიც ევროპაში და ევროატლანტიკურ გაერთიანებაშია!“ - წერია კომპანიების გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ABK, Betterfly, Brand Me, Brand Rabbit, Clipart, Creative Culture, FCB Artgroup Tbilisi, GEPRA, Hans & Gruber , Kraken, Leavingstone , Looper Agency, Matter, Maverik, Mozaika, Ogilvy Georgia , Palindroma, Playmakers, PBD, Agency, Quick, Redberry, Saatchi & Saatchi Tbilisi, Simple Steps, Socialsharks, VAVAVA, Watergunz, Windfor’s.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა