„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს სტუმრობს

1 week ago 4

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 24 მარტს უნგრეთს  სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს, რის შემდეგაც მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა უნგრეთის „ელჩების კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა.

იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ძირითადად იზოლირებულია დასავლეთისგან, ანტილიბერალური ვიქტორ ორბანის უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ესაუბრება.  

„დიდი პატივია ვუმასპინძლო მაკა ბოჭორიშვილს ბუდაპეშტში. საქართველო ბრიუსელის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის თავისი ეროვნული ფასეულობების დაცვის გამო. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეარყია ბრიუსელის ელიტა, რომელიც ახლა პატრიოტული მთავრობების იზოლირებას ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – დაწერა სიიარტომ ტვიტერზე შეხვედრის შემდეგ.

ერთობლივი განცხადებები პრესისთვის

უნგრელმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს შემთხვევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმის გლობალური დიქტატურა“ ზეწოლა მოახდინოს „პატრიოტულ“ მთავრობებზე, რათა მათ თავიანთი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საქმე ცხადყოფს ბრიუსელის სურვილს თავისი სასურველი ძალები დაინახოს ხელისუფლებაში, ხოლო ეროვნული ძალების ზრდა კრიზისად განიხილოს.

სიიარტოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო პოლიტიკაში ლიბერალური ძალების ეს პრაქტიკა შეცვალა. მან შეაქო ტრამპის გადაწყვეტილება, რომლითაც მთელს მსოფლიოში USAID-ის პროექტების დიდი ნაწილი გაუქმდა.

სიიარტომ ასევე დაგმო ბრიუსელის „ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ასევე დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი ამ შეჩერების წინააღმდეგი იყო და კვლავაც შეეწინააღმდეგება ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ უნგრეთის პოზიციისთვის და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე შუა დერეფნის პროექტში და მის მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის. ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ამ საკითხში ევროკავშირის სტრუქტურებში.

ბოჭორიშვილმა რუსული ოკუპაციის პირობებში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უნგრელ ექსპერტებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ინტერესების ხელშეწყობისთვის.

შენიშვნა: მოცემულ მასალაში სიიარტოს და ბოჭორიშვილის განცხადებები ეფუძნება მათ მიერ, შესაბამისად,  უნგრულ და ქართულ ენებზე გაკეთებული განცხადებების ქართულ თარგმანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა