„სარკე“, ნანა კობახიძე
ქართულ პოეზიას ჰყავს თავისი “ღიმილის ბიჭი” – გრიგოლ მეგრელიშვილი, ფსევდონიმით მთის ნიავი (1898-1919), რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ, 20-21 წლის ასაკში, დაასრულა სიცოცხლე – სამშობლოს თავისუფლებას შესწირა. მისმა პოეზიამ ბოლომდე ვერ მოასწრო ფრთების გაშლა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ბევრი კლასიკამდე ამაღლებული ლექსი დატოვა. საბჭოურ პერიოდში ჩრდილში დააყენეს და კარგახანს ასეც დარჩა, მაგრამ ნათელი კვალი, რაც უნდა ჩქმალო, დავიწყების ბნელს ადრე თუ გვიან მაინც გაფანტავს. მოგვიანებით პოეტმა ვალერიან გაფრინდაშვილმა მას “რითმის პაჟი და არგონავტი” უწოდა, ხოლო შალვა კარმელი წერდა – “მეგრელიშვილმა ისეთი რითმებით გასჭედა ლექსი, რომ თვით გრიშაშვილსაც წასძლია სულმა და ერთი მარგალიტი რითმა აართვა”. რომ დასცლოდა, კლასიკოსი პოეტების პანთეონს დაამშვენებდა.
ბავშვობა და სიჭაბუკე
გრიგოლ მეგრელიშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ფარცხმაში დაიბადა. მისი მამა, გერასიმე, გლეხი კაცი იყო, იმ რეგიონში პატივცემული, მართალი სიტყვით გამორჩეული. დედა, პისტი ყენია, საჭამიასერელი ტახტის აზნაურის, ბიჭია ყენიას, ქალი გახლდათ. როცა გარდაიცვალა, მაშინ გრიგოლი ჯერ კიდევ აკვნის ჩვილი იყო. უფროს დასთან ერთად ობლობაში გაიზარდა. ამბობენ, დედის სურნელი დეიდას ასდისო და პატარა გრიგოლიც განსაკუთრებულ სითბოს დეიდა ანასტასიას მიმართ იჩენდა. ცნობისათვის, ქალბატონი ანასტასია მეცნიერ გრივერ ფარულავას ბებია – დედის დედა გახლდათ.
ახლობლები გრიშას ეძახდნენ. 1914 წელს ქუთაისიდან თბილისში ქართულ გიმნაზიაში გადავიდა სასწავლებლად. იმავე წელს პირველად დაბეჭდა თავისი ლექსები. პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე შემდგომში იხსენებდა: “ყველა მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იყო. ახლაც მახსოვს მისი ღიმილიანი სახე: ჟღალ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები, ზედ ჩიტები და-სხდებოდნენ. რბილი, ცოცხალი, კეთილშობილი ჭაბუკი იყო. დიდად მგრძნობიარე. ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა როგორც დაფიქრებული, მრავალმხრივ განათლებული მკითხველი. მალე ჩვენი საუკეთესო იმედი გახდა”.
გიმნაზიაში ყველამ იცოდა მისი დაუბეჭდავი ლექსები, შარჟები, პაროდიები. თავისი ნიჭით ყველას მის მიმართ პატივისცემით და მოწიწებით განაწყობდა. ამ პერიოდში დაუმეგობრდა ასევე ახალფეხადგმულ მწერლებს: ალექსანდრე ქუთათელს, დემნა შენგელაიას, შალვა კარმელს, სიკო ფაშალიშვილს, ნიკო ასათიანს… შალვა კარმელი მას მოიხსენიებს, როგორც ხუმარას და ხალისიანს მეგობართა წრეში, ხოლო “დინჯს, დაკვირვებულს და შემაქცევარს კერძო პაექრობაში”. შუატანის, დიდთვალება, თმაქოჩორა, როგორც ნიკო კეცხოველი იხსენებს, “ნამგლებივით გადაჭედილი” შავწარბიანი ჭაბუკი ირგვლივ ყველას უყვარდა.
1918 წელს ახალდაარსებული თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ცხადია, იმ პირველ ლექციასაც დაესწრებოდა, რომელიც უნივერსიტეტის დამაარსებელმა, დიდმა ივანემ წაიკითხა 1918 წლის 30 იანვარს 93-ე აუდიტორიაში. “ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლემ იმ დღეს იმ აუდიტორიაში მსხდომთ (და ფეხზე მდგომთ) მამულისა და მეცნიერების ტრფობის დიდი, გაუნელებელი ცეცხლი დაუნთო გულში” (გრივერ ფარულავა).
ცხოვრება სავსეა დამთხვევებით და სიმბოლოებით. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 30 იანვარს, გრიგოლ მეგრელიშვილი მესხეთის მიწაზე ბრძოლაში დაეცა, როცა მამულს იცავდა. უთქვამს კიდეც თავის მეგობარ ნიკო ასათიანისთვის, როცა ლეგიონში ჩასაწერად მიემგზავრებოდა, სამშობლოს მსხვერპლად უნდა შევეწიროო…
„უჩვეულოდ ლექსს დაუფლებული”
ნიკო კეცხოველის მოგონებიდან: “იგი ლექსს დაუფლებული იყო უჩვეულოდ. წერდა მეტისმეტად ადვილად, მსუბუქად. შეეძლო საკლასო შრომაც კი ლექსად დაეწერა. ერთხელ საკლასო შრომა “ვეფხისტყაოსნის ქალები” შოთას ლექსით დაწერა, შოთას რითმა კი არსად უხმარია. ჩვენმა მასწავლებელმა, პეტრე მირიანაშვილმა, ესღა უთხრა, შენ მოყოლით უნდა დაგეწერა, მაგრამ ესეც კარგიაო! განსაკუთრებით მაჯამის ჯადოქარი იყო…”.
1914 წელს გიმნაზიაში დააარსეს ხელნაწერი ჟურნალი “პირველი სხივი”. რედაქტორი ნიკო კეცხოველი იყო. ყოველ ნომერს ოთხ ცალად წერდა, ერთს ქუთაისის ქართულ გიმნაზიას უგზავნიდა. ერთხელ ჟურნალის მე-8 ნომერში გამოაცხადეს საუკეთესო ლექსის კონკურსის შედეგები. პირველი ჯილდო მიხეილ ხერხეულიძეს (მე-7 კლასის მოწაფეს) მიაკუთვნეს ლექსისთვის “ბუნებამ გაიღვიძა”, მეორე ჯილდო კი გრიგოლ მეგრელიშვილს ერგო ლექსისთვის “მითხარ, მთვარეო”. პრიზად აძლევდნენ ალექსანდრე აბაშელის წიგნს “მზის სიცილი”, ამასთან პირველ ადგილს – ყდით, ხოლო მეორეს – უყდოდ. საღამოს ნიკომ გრიგოლს თავის ხელით მიუტანა წიგნი და მოუბოდიშა, ასე მოგვივიდა, შენი ლექსი სჯობდა, მაგრამ მიხეილს მივეცით პირველი ჯილდოო. გრიგოლმა უპასუხა, იცი, რა, ბიჭო, იმის ლექსში სამშობლოზეა ლაპარაკი, მე კი განყენებულ საკითხებზე ვსაუბრობო.
რამდენიმე დღის შემდეგ საპრიზო ადგილით შეგულიანებულმა გრიგოლმა “თემის” რედაქციაში ლექსის (“შაშვი”) მიტანა გაბედა. რედაქტორმა ლექსი წაიკითხა და გაოცებულმა შეხედა ჭაბუკს, ნუთუ შენ დაწერეო. გრიგოლი გაწითლდა, წარბი შეკრა და ლექსის გამოსართმევად ხელი გაუწოდა. რედაქტორმა კი არ გაატანა და იმ ნომერშივე დაბეჭდა. ამის შემდეგ მთის ნიავი ხშირად ბეჭდავდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, როგორიცაა “თემი”, “თეატრი და ცხოვრება”, “საქართველო”, “კოლხიდა” და სხვა. დაწერა პოემები “სალომეა”, “შუქურვარსკვლავი”, “გალაათიდე”… შემოქმედებას უქებდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ პოეტი “ბოლომდე თავმდაბალი, უცნაურად კდემამოსილი” იყო. დაუდევრად ეპყრობოდა თავის ნაწერებს. მაინცდამაინც ბეჭდვა რა საჭიროაო და, ხშირად ბუხარში გადაუძახებდა ან, უკეთეს შემთხვევაში, ძველ ჩემოდანში ქაღალდების გროვას ურევდა. ერთხელ ამის გამო პოეტმა სიკო ფაშალიშვილმა უსაყვედურა. გრიგოლმა მას ასეთი პასუხი გასცა: “ათს თუ მოეწონა ჩემი ლექსი, ალბათ ოცი დამიწუნებს, შეიძლება მომწონებელთაგან ქება მივიღო და ამან მასიამოვნოს, დამწუნებელს კი ყოველთვის არ შეუძლიან პირდაპირი ლაპარაკი. ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის, დააჯერო შენი თავი, რომ შენ ნამდვილად პოეტი ხარ”.
1917 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალმანახი “აისი”, რომელზეც მთის ნიავი ახალგაზრდა პოეტებთან ერთად მუშაობდა. ალმანახი მოიწონა პოეტმა პაოლო იაშვილმა და მასში მონაწილე ზოგიერთი პოეტი, მათ შორის გრიგოლ მეგრელიშვილი, ცისფერყანწელების უმცროს თაობად აღიარა. ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში პაოლოს მიერ გამართულ ლიტერატურულ საღამოებზე მთის ნიავიც მონაწილეობდა.
„გრიშას ომები”
„ის ნამდვილი ქართველი მამულიშვილი იყო, ამ სიტყვის წრფელი და ფაქიზი მნიშვნელობით… სიტყვაზე უფრო მძლავრი მისი ბუნება გამოდგა და საქმით დაამტკიცა საქართველოსადმი სიყვარულის მაღალი გრძნობა”, – წერდა სიკო ფაშალიშვილი 1919 წლის 21 თებერვალს. ახალგაზრდა პოეტი დაუყოვნებლივ მიდიოდა ყველა ბრძოლაში, როცა საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ექმნებოდა. ერთ-ერთ ომში მამა აცილებდა თურმე სამტრედიამდე, ნათესავებთან დაუჩივლია, სადაც ჩხუბია, ყველგან ეს გარბისო. გრიგოლს უპასუხია, ნუ გეშინია, არ დავიკარგები, საშიში და სირცხვილი ახლა კერიასთან ჯდომაა, მამაჩემოო.
ბრძოლებს, სადაც მთის ნიავი მონაწილეობდა, მეგობრები “გრიშას ომებს” ეძახდნენ, ესენია: “ბრძოლები ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად, ქობულეთიდან მათ გასარეკად; საჩხერეში გამართული შეტაკება ოსებთან, რომლებმაც უკვე მაშინ მოინდომეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადება საქართველოს მიწაზე; ომი დენიკინის არმიასთან ტუაფსის მიდამოებში; დაბოლოს – ოსმალებთან ომი ახალციხე-ფოცხოვის მიდამოებში, სადაც 1919 წლის 30 იანვარს დაეცა პოეტი”. (წიგნიდან გრიგოლ მეგრელიშვილი – “ბედის მდინარე”).
1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის სამარცხვინო ზავის თანახმად, თურქეთის ხელში გადავიდა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის ნაწილიც. ამ ზავით წათამამებული თურქი ასკერები ახალციხეს, ოზურგეთსა და ქობულეთს შემოესივნენ. შალვა კარმელი წერდა: “დღესაც და მარადის ეხსომებათ მის (იგულისხმება მთის ნიავი – ავტ.) მეგობრებს მგოსნის ცრემლში დაძირული თვალები შეურაცხმყოფელი ზავის გამო. მასში ტიროდა საუკეთესო მამულიშვილი. სამშობლოს სიყვარული მოითხოვდა მისგან გმირობას და ის იწვოდა შურისძიებით შეგინებულ ძმების სახელით”.
დაუდგრომელი მებრძოლი იყო, თითქოს უნდოდა, თავისი სისხლი ყველა ფრონტზე დაექცია. “ოფიცრებს ისე უყვარდათ, როგორც მგოსნებს თავისი ლექსები” (ნიკო ასათიანი). თავისი მხიარული ბუნებით და მომხიბლავი ქცევით ჯარისკაცებს ყაზარმაში კატორღულ ყოფას უმსუბუქებდა. როგორც ამბობენ, ყველა ჭეშმარიტი მებრძოლი სულის სიღრმეში თავისებურად ფაქიზია. გრიგოლსაც განსაკუთრებით მგრძნობიარე სული ჰქონდა. ნიკო კეცხოველი იგონებდა: “ჰოსპიტალში ვიწექი… შემოვიდა ჯარისკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი გრიშა… ჩამოჯდა ჩემს ლოგინზე, მიცქერდა და უცებ თვალებიდან გადმოსკდა ცრემლის ღვარი, იჯდა და უხმოდ ტიროდა.
– კარგი, გრიშა!
გაიღიმა, გაიცინა, ადგა, ფრთხი-ლად მაკოცა და წავიდა. ორი-სამი კვირის შემდეგ იმავე ჰოსპიტალში შიო მღვიმელი შემოვიდა, დავინახე, გამეხარდა.
– მოგვიკლეს, ბიჭო, მთის ნიავი, – და გადმოსცვივდა ცრემლი, – ცოდო იყო მისი სიკვდილი, ცოდო!”.
გრიგოლ მეგრელიშვილი 1919 წლის 30 იანვარს საქართველოს სამხრეთი საზღვრის დაცვისთვის ქვაბლოვანის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში დაეცა. ცხრაკაციან მოხალისეთა ჯგუფში იბრძოდა, მტრის ტყვიებმა დაცხრილეს მაშინ, როდესაც დაჭრილი მეგობრის საშველად მიეშურებოდა. მეორე დღეს გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე ოსმალო ასკერების და სერვერ-ბეგ ქობლიანელის ბრბოს მიერ ნასროლმა ოთხმა ტყვიამ შეიწირა. მწერალმა ალექსანდრე ქუთათელმა, რომელიც მთის ნიავის თანამებრძოლი იყო თურქებთან ბრძოლაში, თავის რომანში “პირისპირ” გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრება გააცოცხლა, მისი გმირული სიკვდილი აღწერა, მხოლოდ რომანში ცაგურიშვილის გვარით გამოიყვანა.
ყმაწვილკაცის ცხედარი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. ამბობენ, რომ პოეტის მამამ, გამწარებულმა კაცმა, შვილის კუბოს წიხლი ჰკრა – სიკვდილისადმი პროტესტის ნიშნად.
ხსოვნის კვალდაკვალ
საბჭოთა ხელისუფლება არ სწყალობდა ასეთ მოაზროვნეებს. “არავინ უპატრონა მის დაუბეჭდავ ხელნაწერებს”, – წუხდა 1924 წელს სიკო ფაშალიშვილი. ბოლოს, როგორც იქნა, მოაგროვეს, მაგრამ მისი კრებულად გამოცემა ვერ მოხერხდა. გიორგი ლეონიძემ და ნიკო კეცხოველმა 1959 წლისთვის (პოეტის გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ) გამოსაცემად მოამზადეს მთის ნიავის კრებული, რომელსაც კიდევ 14 წელი დასჭირდა, დღის სინათლე რომ ეხილა. საბოლოოდ 1973 წელს დაიბეჭდა. ცნობილია, რომ 1973 წლის 17 დეკემბერს კრებულის რედაქტორმა, ნიკო კეცხოველმა, ალექსანდრე ქუთათელს დაბადების დღე მიულოცა მთის ნიავის ახალდაბეჭდილი კრებულით, მიძღვნის ბარათში კი ეწერა: “ბევრი გადამხდა ჩვენი კულტურის ისეთ მესვეურთაგან, როგორიცაა… (ამ ადგილას ხელნაწერი არ იკითხება – ავტ. შენ.), მაგრამ წიგნს მაინც ეღირსა გამოსვლა”.
გრივერ ფარულავა წერს: „ყველაფერი ერთ რამეს გვავარაუდებინებს: პოეტს თურქი ასკერების ტყვიები რომ ასცდენოდა 1919 წელს, ქართველი წითელი არაკაცების ტყვიებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა 1937 წელს (ეგებ მანამდეც)”.
გურიაში უკვე აღარავის ახსოვდა გრიგოლ მეგრელიშვილის სახელი. გიორგი ლეონიძემ მოიძია მისი მიტოვებული საფლავი სოფელ შუა ფარცხმაში, რომელსაც გვიმრა ფარავდა. ხალხს მისი პოეზია გააცნო. ჩოხატაურის რაიკომის მდივანმა აკაკი გობრონიძემ, გიორგი ლეონიძის თხოვნით, სასაფლაოზე კითხვა-კითხვით მიაგნო მთის ნიავის “უნიშნო და უძეგლო” საფლავს, გაასუფთავებინა, რკინის მესერიც შემოავლო. საფლავზე მწერლებმა პოეტის მოსაგონრად პატარა თავყრილობა მოაწყვეს.
მეცნიერებმა გრივერ ფარულავამ და ზაურ მეძველიამ მოიძიეს მთის ნიავის დღესდღეობით შემონახული ყველა ხელნაწერი და პოეზიის მოყვარულებს პოეტის კრებულის უფრო ვრცელი გამოცემა შესთავაზეს, სათაურით “ბედის მდინარე”. კრებულში შეტანილია ყველა ხელმისაწვდომი წერილი მგოსნის პოეზიისა და პიროვნების შესახებ, ასევე სამეცნიერო კვლევები. პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად განზრახული აქვთ მისი საფლავის რეკონსტრუქციაც.
ფოტოზე ნიკო კეცხოველთან ერთად