„ქართული სუფრა ყველაზე კარგად გვიჩვენებს მშვიდობის მიმართ დამოკიდებულებას“ — ყაველაშვილის საინაუგურაციო სიტყვა

2 days ago 4

საქართველოს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

ღონისძიებას “ქართული ოცნების” წევრების, სამხედროებისა, ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავრის გარდა და ასევე ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე შეარჩია.

„მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და თქვა, რომ მისთვის ძვირფასია საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა.

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვაში, ისევე როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში, ცენტრალური ადგილი დაეთმო მშვიდობის თემას.

„ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ერი ვართ. ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდებოდა და იცავს ერი“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა „ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“.

„ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული. სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, — აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა ჩანს ენაში, რომელიც „ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი“.

„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს ჩვენი — ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“, — განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია.

„კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!“ — განაცხადა მიხეილ ყავალაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ:

„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს!“ წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე,  ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის.

„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ისაუბრა ტოლერანტობაზე და ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობას: „ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი“.

„თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ თანაცხოვრება ერთიან ძლიერ საქართველოში“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა დგას გარედან თავმოხვეული ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე და თქვა, რომ მისი ძალისხმევა მიმართული იქნება კონსოლიდაციისკენ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების და შესაბამისად ყაველაშვილის საპრეზიდენტო ლეგიტიმაციას არ აღიარებს ქვეყნის ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. მმართველმა გუნდმა მილოცვა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისაგან მიიღო.

სრულად წაკითხვა