დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 მომიტინგე. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობებს მოსამართლის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტში დაეუფლა.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ჯაჭვაძემ მოსამართლის კარიერა ჯერ კიდევ ენმ-ის ხელისუფლების დროს დაიწყო.
- 2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
- 2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
- 2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
- 2017 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
- 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ფართო საზოგადოების ყურადღება მოსამართლემ 2017 წელს მიიქცია, როდესაც ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეს განიხილავდა.
ელისო კილაძე ამ მოსამართლის კვალიფიკაციასა და იურისტის დიპლომს ეჭვის ქვეშ აყენებს.
კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ 1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
ელისო კილაძე კი ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი 1996 წელს დაარსდა, 2 წელიწადში კი ქეთევან ჯაჭვაძე იურისტის დიპლომის აღებას ვერ შეძლებდა, ბაკალავრიატის საფეხურის გავლას მაშინ 5 წელი სჭირდებოდა. რუსთავი 2-თან საუბრისას ელისო კილაძის ადვოკატი ამბობს, რომ ზემოხსენებულ უნივერსიტეტს, რომელიც ახლა აღარ არსებობს და მის შესახებ ცნობები საძიებო სისტემებიდანაც გამქრალია, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მას შემდეგ დაემატა, როდესაც ჯაჭვაძე მეორე კურსზე იყო.
“როცა დაამთავრა, თუ ის შეესაბამებოდა, ის აღიარებული იქნა განათლების სამინისტროს მიერ თავის დროზე, ახლა შეიძლება 100 წლის შემდეგ ჰარვარდიც გაუქმდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჰარვარდი ვისაც აქვს დამთავრებული, 100 წლის შემდეგ მოსთხოვო პასუხი. ეს ლოგიკა არის,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ ელისო კილაძის ბრალდებების პასუხად.
ლევან მურუსიძე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეა და კლანად წოდებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს და წყვეტს ვინ გახდება მოსამართლე და რამდენი ხნით. ასეთი გავლენისა და კლანის არსებობს ეს მოსამართლეები უარყოფენ.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის” სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 1996 წელია. თუმცა ინსტიტუტის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტი საგარეჯოში 1991 წელს დაარსდა. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, 2006 წელს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ინსტიტუტი დაიხურა და ბოლო წლებში ვერც აკრედიტაციის გავლა შეძლო.
ქეთევან ჯაჭვაძეს სხვა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც აქვს ნამსჯელი. მათ შორის 2019 წელს ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზეც დაკავებულ 4 პირს ქეთევან ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი იმ საქმეზეც გიორგი მუკბანიანი იყო, როგორც დღეს, 11 ბრალდებულის შემთხვევაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის მონაწილე 11 ბრალდებული.
დაცვის მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე და პროკურორები (გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა) ამას არ დაეთანხმნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე, რაც სავარაუდოდ არაერთ თვეს ნიშნავს, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან.
სასამართლომ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.
პროკურატურა მათ სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ცნობილია, გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ორი სხვადასხვა – 6 და 5 -პირიანი სისხლის სამართლის საქმე ერთ სს საქმედ გააერთიანა. რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლოს ვადის გაგრძელების შესახებ და 16 იანვარს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ახალ თარიღად განსაზღვრა 5 მარტი.