ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება – მომღერალმა ორსულობა „ინსტაგრამის“ ფოტოებით გაამხილა

1 hour ago 3

ქართველი წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება. 41 წლის მუსიკოსს ეს მნიშვნელოვანი ამბავი ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა ორსულობაზე გულშემატკივრებს თავად მიანიშნა – „ინსტაგრამზე“ ისლანდიიდან გამოქვეყნებულ ფოტოებში უკვე აშკარად ჩანს მისი წამოზრდილი მომრგვალებული მუცელი.

მომღერალმა გამომწერებს რეიკიავიკში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარა. როგორც ქეთი წერს, ისლანდიაში კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ცნობილ Harpa Concert Hall-ში გამოვიდა.

„ისლანდია, საოცარი ხარ. ძალიან მინდა, კიდევ გესტუმრო.

მიგვიწვიეს დიდებულ კონცერტზე Harpa Concert Hall-ში. ვიბანავეთ Blue Lagoon-ში, ვნახეთ ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ გამაგრებული ლავა, ირგვლივ ლუპინები ყვაოდა, ხოლო ჰადლგრიმსკირკია უშუალოდ ნახვისას ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ფოტოებში.

გმადლობ, რეიკიავიკო“, – დაწერა ქეთი მელუამ.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ მომღერალი Blue Lagoon-ის თერმულ წყლებში წევს. სწორედ ამ ფოტოზე აშკარაა მისი ორსულობა, რამაც გამომწერების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

„ნუთუ მეორე ბავშვს ელოდები?“, „გილოცავ!“, „მეორე პატარაც გზაშია!“ – წერენ გულშემატკივრები კომენტარებში.

ქეთი მელუასთვის ეს მეორე შვილი იქნება. მისი პირველი ვაჟი, სანდრო, ნოემბერში 4 წლის ხდება.

მომღერალი წარსულში ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ყოველთვის სურდა დედობა ახალგაზრდობაში, თუმცა შვილოსნობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო შიშობდა, რომ ვერ შეძლებდა. რამდენიმე წლის წინ მან ახალი სიყვარული იპოვა, თუმცა მის ვინაობას დღემდე საჯაროდ არ ამხელს.

2023 წელს ჟურნალ Hello!-სთან ინტერვიუში ქეთი მელუამ თქვა, რომ ახალ პარტნიორთან ურთიერთობა მის ცხოვრებას განსაკუთრებული ბედნიერებით ავსებს.

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში აღმოვჩნდი. ის საოცარი ადამიანია – ძალიან უბრალო, მშვიდი და გაწონასწორებული. ყველაფერი მართლაც ჯადოსნურად განვითარდა და ყოველი დღე წინაზე უკეთესია“, – ამბობდა მომღერალი.

ქეთი მელუა 1984 წელს თბილისში დაიბადა. იგი რვა წლის ასაკში ოჯახთან ერთად ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიაში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად საერთაშორისო კარიერისა, მომღერალი ქართულ წარმომავლობას ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნავს და საქართველოშიც არცთუ იშვიათად ჩამოდის.

ცნობისათვის: 2014 წელს გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ცნობარი – Rich List 2014. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა. იმხანად მომღერლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენდა. მან იმავე წელს მეშვიდე ადგილი დაიკავა 30 წელზე ნაკლები ასაკის ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსებს შორის.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ქეთი მელუა დედა გახდა – მომღერალს პირველი შვილი შეეძინა

სრულად წაკითხვა