ქეთი ფარესაშვილი: „ჩვენს ოჯახშიც არის კამათი, მაგრამ თანხმობას სიყვარულით ვაღწევთ”

8 hours ago 2

 „ჩვენს ოჯახშიც არის კამათი, მაგრამ თანხმობას სიყვარულით ვაღწევთ",,სარკე“, ია ქუთათელაძე

სამბას ქართველ დედოფლად აღიარებულ ქეთი ფარესაშვილს შოუბიზნესის ხმაურიანი სამყარო არ იზიდავს. მშვიდად აკეთებს საყვარელ საქმეს და მსმენელს მცხუნვარე მზითა და ზღვის ტალღებით გაჯერებულ სასიამოვნო სიმღერებს სთავაზობს.

მუსიკას ბავშვობიდან გულმოდგინედ სწავლობდა, პარალელურად დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი და აქვს მრავალფეროვანი ინტერესები – თავისუფლად ფლობს ინგლისურს, ფრანგულს, პორტუგალიურს, ეწევა მთარგმნელობით მუშაობას, გატაცებულია ფსიქოლოგიითა და კვანტური ფიზიკით.

მისთვის მთავარ ღირებულებას ოჯახი, ქრისტიანობა და ადამიანის თავისუფალი აზროვნება წარმოადგენს. თვლის, რომ იმ ქაოსის შექმნაში, რითაც მთელი სამყაროა მოცული, თავად ადამიანებს მიუძღვით ბრალი.

– ქეთი, თქვენ ცნობილი ხართ როგორც სამბების შემსრულებელი, ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი, სხვა მიმართულებითაც მოგესინჯათ ძალები?

– საქმე ის არის, რომ თავიდანვე მრავალფეროვანი რეპერტუარი მქონდა და ასე ვაგრძელებ. სამბა, ბალადები, ბლუზი, სვინგი – ყველაფერს ვმღერი.

– თაობები იცვლება, დღეს ბევრი ახალი სახელი გამოჩნდა. რას იტყვით მათ შესახებ, რა ხდება თქვენს სფეროში?

– ჩვენს ქვეყანაში ბევრი მღერის კარგად, ამის ნიჭი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, ყველა დადგეს სცენაზე. ისიც, ვისაც მონაცემები არ აქვს, ხშირად ისე პიარდება, თითქოს ბადალი არ ჰყავდეს. ეს არაპროფესიონალიზმია.

საერთოდ პროფესიონალიზმის ნაკლებობა ყველგან შესამჩნევია და არც ჩვენი სფეროა გამონაკლისი. ისე არ გაიგოთ, რომ არავინ მომწონს, საბედნიეროდ, გვყავს ელვარე ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ტრადიციებს. ისიც ჩვენი სენია, როცა სხვაგან აღიარებენ, მერე აქაც დაუწყებენ ქება-დიდებას.

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, საქართველოში უჭირთ აღიარება, რომ ხარ გონიერი, ნიჭიერი და ლამაზიო. რა იგულისხმეთ ამ სიტყვებში?

– მგონი, მკაფიოდ დავწერე, რასაც ვგულისხმობდი. ყველა კარგად ხედავს, რაც ხდება და ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. ვფიქრობ, აზროვნების დიაპაზონი დაგვივიწროვდა და მხო-ლოდ იმის ინტერესი გვაქვს, სხვისი საქმეები განვიხილოთ, სხვაზე ვისაუბროთ, ყველა სხვის ჯიბეში იყურება, სხვისი ფული აინტერესებს, სხვისი წარმატებები შურს. მე სხვა არ მაინტერესებს, ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით. მინდა, ირგვლივ ბედნიერება სუფევდეს.

– ვაჟიშვილის დედა ხართ. რა პრინციპებით ზრდით შვილს, როგორ გადალახეთ ასაკობრივი სირთულეები?

– ჩვეულებრივად ვზრდი, თანასწორი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით ხშირად ვეუბნები, რომ კარგად უნდა ისწავლო, რადგან რაც მეტი განათლება ექნება, რაც უკეთესად შეიმეცნებს მეცნიერების სხვადასხვა მიღწევებს, უფრო უკეთესი ცხოვრება ექნება. ფინანსურ რესურსსაც მოიპოვებს, თავისუფლების მაღალ ხარისხსაც მიაღწევს და, შესაბამისად, ბედნიერიც იქნება. ადამიანებისთვის მთავარია სწორი განვითარება და სწორედ ამის არარსებობა აწუხებს კაცობრიობას და ქმნის პრობლემებს.

მას უყვარს წიგნები, კითხვა, ვსაუბრობთ ქართულ ლიტერატურაზე, “ვეფხისტყაოსანზე”, სახარებაზე. კარგად სწავლობს. საერთოდ კარგი თაობაა. ხშირად თავად ვეკითხები ბევრ რამეს და საფუძვლიანი პასუხები აქვს. 17 წლის არის, ჯერ კონკრეტული არჩევანი არ გაუკეთებია, ბევრი რამ აინტერესებს, განსაკუთრებით მამიკოს პროფესია მოსწონს. ჩემი მეუღლე ექიმია, ძირითადად მედიკოსებთან გვაქვს ურთიერთობა და შვილიც მამის მხარეს იხრება.

– მამა-შვილი რა დროს ატარებს ერთად?

– ხშირად დადიან ბუნებაში, ორივე რაგბის დიდი მოყვარულია, ერთად უყურებენ. ჩემი ბიჭი თავადაც კარგად თამაშობს.

– თქვენს კონცერტებზე თუ დადიან ქმარი და ვაჟი?

– დიახ, ხშირად ესწრებიან და მგულშემატკივრობენ, ყოველთვის ყვავილებით ხელდამშვენებულები არ არიან, მაგრამ მათი ყოფნა კონცერტზე ჩემთვის დიდი სტიმულია.

– მომღერლისთვის მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა. გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ? თქვენი სიმღერებისთვის შესაფერისი სტილის სამოსს როგორ ირჩევთ?

– მყავს ჩემი დიზაინერი – ნათია სირბილაძე, რომელიც ჩემთვის ქმნის კოსტიუმებს, ჩემი გემოვნების გათვალისწინებით.

მართალია, მიყვარს გემრიელი კვება, მაგრამ საჭმლის მონა არ ვარ, ამიტომ ბალანსის დაცვას ვახერხებ.

– რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების გასაღები?

– ჩვენს ოჯახშიც არის კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე თანხმობის მიღწევა ბუნებრივად ხდება.

სრულად წაკითხვა