ქეთი წიკლაური: „მამას ბიზნესი არ გამოსდიოდა, ამიტომ დედიკო კერავდა და შემოსავალი ჰქონდა”

8 hours ago 2

 „მამას ბიზნესი არ გამოსდიოდა, ამიტომ დედიკო კერავდა და შემოსავალი ჰქონდა",,სარკე, ია ქუთათელაძე

ლეგენდარულ ანსამბლ “ივერიის” მომღერლების, ლილი ზღვაურის,  თემურ წიკლაურის და ლილი ზღვაურის სიყვარულის ამბავი “ივერიამდე” ანსამბლ “ციცინათელაში” დაიწყო. ახალგაზრდა წყვილს ორი შვილი შეეძინა – ქეთევანი და გიორგი. შემდეგ ტრაგედია დატრიალდა ბედნიერ ოჯახში – 5 წლის ასაკში გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა და, რომ არა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის, თანადგომა და მონდომება, ცოლ-ქმარი სცენას არ დაუბრუნდებოდა, თუმცა, მიუხედავად მრავალმხრივი ნიჭიერებისა, ლილი ზღვაური ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და ქმარს უმაგრებდა მხარს.

დიდი სიყვარულის, ერთგულებისა და ურთიერთზრუნვის გარემოში გაზრდილი მათი ქალიშვილი, მომღერალი ქეთი წიკლაური, ,,სარკესთან“ იხსენებს საინტერესო ამბებს დედაშვილობის ოჯახური ისტორიიდან.

– ქეთი, ქალბატონ ლილის მრავალმხრივი ნიჭი აქვს, ხელსაქმე შესანიშნავად გამოსდის. როდის დაიწყო თავისი ნაკეთობების, ნახატების შექმნა?

– დედა და დეიდა ლუბა ბავშვობიდან კარგად კერავდნენ. ქუთაისში თურმე ყველას უკვირდა, გოგოებს რამდენი პალტო აქვთო. არადა ერთ პალტოს ზამთრის განმავლობაში ორ-სამჯერ გადააკეთებდნენ თურმე, ახალი დეტალებით შეამკობდნენ და, როგორც ახალი, ისე ეცვათ.

გასტროლების დროს უცხოეთიდანაც ჩამოჰქონდათ სამოსი, მაგრამ ძალიან ცოტა, რადგან მცირე ხელფასი ჰქონდათ. როცა უცხოეთში მიდიოდნენ, დღიურ თანხას აძლევდნენ. იმას აგროვებდნენ და ასე გაჰქონდათ თავი. ოჯახს ბევრი რამ სჭირდებოდა. მამას ჰქონდა მცდელობა, ბიზნესი ეკეთებინა დრო და დრო, მაგრამ კარგად ვერ გამოსდიოდა, ამიტომ დედიკო მეგობართან ერთად სულ კერავდა და თავისი შემოსავალი ჰქონდა.

ძალიან ფაქიზად კერავდა. ჯერ დახატავდა მოდელს, შემდეგ დახაზავდა, აზომავდა, ჭრიდა. ისე ამუშავებდა ქსოვილს, ფაბრიკული ნაწარმისგან ვერ გაარჩევდით. მომღერალი რომ არ ყოფილიყო, საუკეთესო დიზაინერი გამოვიდოდა.

– თქვენ განებივრებული ეყოლებოდით ლამაზი სამოსით.

– დიახ, მეც მიკერავდა, მაგრამ, ხომ იცით, ჩვენს დროს ბავშვებს სკოლაში ფორმა გვეცვა. გადაპრანჭული ტანსაცმელი არასდროს მიყვარდა, ორიგინალური და გამორჩეული მომწონდა. დედიკოს შეეძლო, რასაც ვეტყოდი, ზუსტად ისეთი შეექმნა.

ბევრი სურათი აქვს დახატული, პასტელით და გუაშით მუშაობდა. უყვარდა მეგობრებისთვის ნამუშევრების ჩუქება. მისი გამოფენა არასდროს მოგვიწყვია, ვიწრო წრეს აქვს ნანახი მისი სურათები.

გასაოცარ ჩანთებს ქსოვდა სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის პარკებისგან. ნამდვილად შეიძლება, მისი ნახელავი შედევრად ჩაითვალოს. დიდი შრომა და გულმოდგინება სჭირდებოდა თითო ჩანთის მოქსოვას, მასზე სხვადასხვა სურათის გამოსახვას. ერთხელ ვცადე და ვერ შე-ვძელი, არ მეყო ნებისყოფა. დედიკო ძალიან დინჯია, ასეთ სკრუპულოზურ ხელსაქმეს სიდინჯე და მოთმინება სჭირდება.

ქსოვდა საოცრად, საუკეთესო კულინარიც არის, მის ნახელავ ტკბილეულზე, ბლამანჟეებზე, შოკმანჟეებზე გიჟდებოდნენ ჩემი კლასელები. დაბა-დების დღე ზაფხულში მაქვს და, თუ გასტროლებზე არ იყვნენ, ულამაზეს სუფრას გაგვიშლიდა ხოლმე.

– თქვენ რა ისწავლეთ დედისგან, გამოგყვათ მისი ნიჭი?

– არა, მე არც ვხატავ და არც ვკერავ. ქსოვა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ მარტივი რაღაცები, ქუდი და შარფი თუ მომიქსოვია ჩემი შვილისთვის. ერთადერთხელ მოვქსოვე ჟაკეტი, როცა სტრესული პერიოდი მქონდა და ისეთი წვრილი თვლები ამოვიყვანე, დაზგაზე ნაქსოვს ჰგავდა.

საერთოდ, რაც ვიცი, დედისგან ვისწავლე – საოჯახო საქმეები, პირადი ჰიგიენა, გემოვნებაც ლილისგან გადმომეცა. ჩემი მშობლები მისაბაძი ადამიანები იყვნენ, დედა ყოველთვის ქმნიდა ოჯახში ამინდს თავისი გაწონასწორებული, უთბილესი ხასიათით.

– “ივერიის” ქალბატონები იმ დროისთვის პირველი “მოდნიცები” იყვნენ.

– დიახ, ლუიზა კობალაძე იხსენებდა, მთელი თბილისის ქალები ამბობდნენ, “ივერიის” კონცერტებზე იმიტომ მივდიოდით, რომ ბიჭების სიმღერით დავმტკბარიყავით და გოგოების სამოსი გვენახა, შემდეგ ჩვენც ისე ვიცვამდითო.

– როგორც ქალიშვილს, როგორი ურთიერთობა გქონდათ დედასთან, “გოგოები” ერთმანეთის მესაიდუმლეები იყავით? პირველი სიყვარულის სესახებ მას გაუმხილეთ?

– ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა დედასთან. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისთვისაც გულწრფელობა უცხოა, საკმაოდ გახსნილი ვარ. რა თქმა უნდა, დედას ვუთხარი ჩვენი სიყვარულის შესახებ. მქონდა ოჯახიდან გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ შემდეგ ჩემი მეუღლე ძალიან შეუყვარდათ, განსაკუთრებით მამა და დეფი (მწერალი დავით გოგიბედაშვილი, ავტ.) მეგობრობდნენ.

– როცა ქმარს გაშორდით, ამას თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ?

– ოჯახის დაშლა ყოველთვის მტკივნეულია, არც მე გადამიტანია იოლად და ჩემმა მშობლებმაც განიცადეს. იმ დროს ჩვენი მომღერლების უმეტესობა მოსკოვში მიდიოდა კარიერის ასაწყობად, რადგან აქ ყველაფერი ჭირდა. ზოგი უცხოეთშიც გაეშურა. მეც შემეძლო წასვლა, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ჩემი მშობლებისგან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მათ გამიადვილეს, გადამელახა სირთულეები. თქვენ იცით, ჩემი ძმის, გიორგის, გარდაცვალებით რა სიმწარეც ნახეს, ამიტომ მათ გვერდით ყოფნა ჩემი უპირველესი საზრუნავი იყო. ჩვენ ერთად გავზარდეთ ანდრია, რომელმაც ჩემი მშობლებისგან სიყვარული, სითბო და მშობლიური მზრუნველობა მიიღო.

დედამ და მამამ ჩემს ყოფილ მეუღლესთან ბოლომდე კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. დავითი მართლა ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია. ის ამერიკაში ცხოვრობს, ინგლისურ ენაზე წერს ლექსებს და აღიარებულია თავისი პოეზიით.

– თქვენ იმღერეთ თემურ წიკლაურის რამდენიმე სიმღერა, ლილი ზღვაურის სიმღერების შესრულებაზე არ გიფიქრიათ?

– დიდი მემკვიდრეობა მაქვს. მამაჩემის კიდევ რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ. დედას ჰქონდა კარგი რომანსები “ციცინათელას” პერიოდში და მათ შესრულებაზე ვფიქრობ.

სრულად წაკითხვა