ქეთი წიკლაური: „მე ვიცი, რომელმა დრამატულმა მოვლენამ რომელი ნაოჭი გამიჩინა სახეზე” მომღერალმა დედისგან სილამაზის საოცარი რეცეპტი ისწავლა - „დღესაც შენახული მაქვს ის კოსტიუმები, რომლებსაც ჩემთვის კერავდა"

2 days ago 7

 „მე ვიცი, რომელმა დრამატულმა მოვლენამ რომელი ნაოჭი გამიჩინა სახეზე"„სარკე“, ხათუნა მაღრაძე

ლეგენდარული „ივერიელების”, თემურ წიკლაურისა და ლილი ზღვაურის ქალიშვილის, მომღერალ ქეთი წიკლაურის, ჩაცმის სტილი წლების მატებასთან ერთად მინიმალისტური გახდა. შეუყვარდა ისეთი სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. მის გარდერობში საპატიო ადგილს მამის ნაჩუქარი კაბა და ქურთუკი იკავებს, ასევე ფეხსაცმელები, რომლებიც ბატონმა თემურმა მეუღლეს, ქალბატონ ლილის, აჩუქა.
ქეთისთვის გემოვნების ეტალონი დედაა. დღემდე უგდებს მის რჩევებს ყურს და ახლაც იყენებს სახისთვის იმ ნიღაბს, რომელიც მან ასწავლა ნაოჭებთან საბრძოლველად. ქეთიმ ეს რეცეპტი ჩვენს მკითხველებსაც გაუზიარა.
– ქეთი, რითი იწყება თქვენი დილა?
– დილით განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, პირადი ჰიგიენის გარდა. თავის მოვლისა და გარეგნობაზე ზრუნვის პროცედურას მეტწილად დღის მეორე ნახევარში ვუთმობ დროს. დილით ვარჯიშიც კი არ შემიძლია.
– რატომ, დილით გაღვიძება ხომ არ გიჭირთ?
– ჩემი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე, არ ვარ მძინარა. დილით ადრე ვდგები. ბავშვობიდან არასოდეს მქონია ის მომენტი, რომ მეძინება და ადგომა მეზარება. 12 საათამდე საწოლში რომ ვიყო, ალბათ მოვკვდები. მთელი ღამეც რომ არ მეძინოს, დილით მაინც ადრე ვიღვიძებ.
– რა გეხმარებათ პოზიტიური განწყობის შექმნაში?
– თუ განწყობა არ მაქვს და რაღაც მნიშვნელოვანი მაწუხებს, ვერც ვერაფრით შევიქმნი კარგ განწყობას. მთავარია, ყოველდღიური რუტინიდან არ ამოვვარდე.
– ანიჭებთ მნიშვნელობას, რა გექნებათ საუზმედ?
– დილით მიყვარს თურქული ტკბილი ყავა. ვსვამ ბევრჯერ, მთელი დღის განმავლობაში. ნაპოლეონივით ვარ-მეთქი, ვხუმრომ ხოლმე. რაც შეეხება საუზმეს, არ მაქვს განსაკუთრებული წესი. ზოგჯერ ძალიან მსუყე საუზმე მაქვს, მიყვარს ბუტერბროდები ჩაისთან ერთად, ასევე მიყვარს ბურღულეული.
ზოგადად, ვუსმენ ჩემს ორგანიზმს. უნდა დააკვირდე საკუთარ თავს და ის ყველაზე სწორად მიგითითებს, რა არის შენთვის უკეთესი. არიან ქალბატონები, რომლებიც მკაცრად გაწერილ დიეტებს მიჰყვებიან, რომ წონაში დაიკლონ. მე ამ საკითხს ასე სერიოზულად არ ვუყურებ.
– რაც მახსოვს, წონის პრობლემა არ გქონიათ, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ხართ.
– თუ არანორმალურად ბევს შევჭამ, ყველა ადამიანის მსგავსად, მეც მოვიმატებ, ამიტომ ვცდილობ, გარკვეული დოზით ვაკონტროლო კალორიები. მომატებულ კილოგრამებით თავს ცუდად ვგრძნობ, შემაწუხებელია. ჩემი წონის დარღვევა უფრო სტრესთან და უსაქმურობასთან არის დაკავშირებული. იყო დრო, როცა სტრესის გამო საერთოდ ვერ ვჭამდი და ყოფილა შემთხვევები, რომ პირიქით იყო.
– როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, მაინც რთულია სტრესებთან გამკლავება, რომლებსაც გარემო ქმნის ხანდახან ჩვენგან დამოუკიდებლად. თქვენ როგორ უმკლავდებით სირთულეებს?
– არ ვიცი, რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი. ბევრს ჰგონია, რომ ძლიერია ის, ვინც მაგრად დგას და არ ტირის. აღმოსავლური სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი სუსტი ადამიანია. როგორც შემიძლია, ისე ვუმკლავდები. ვიღაცა შეიძლება ამას სიძლიერედ აფასებს, ზოგი – სისუსტედ…
არ მიყვარს, ჩემი უარყოფითი ემოციების თავსმოხვევა გარშემომყოფებისთვის. არ ვიცი, რამდენად უნდა იყოს ავსებული ჩემი მოთმინების ფიალა, რომ ამოფრქვევა მოხდეს.
– თუმცა ამოფრქვევის პერიოდი ყველას აქვს.
– კი, ტემპერამენტი მაქვს. ამ კუთხით ვმუშაობ საკუთარ თავზე, რადგან მსგავსი “ამოფრქვევები” მაღიზიანებს. როგორც ყოველთვის, “ამოფრქვევები” ჩვენს ახლობლებთან გამოგვდის. მერე ვნანობ ხოლმე, რადგან ყველაზე საყვარელი ადამიანები ხდებიან სამიზნეები. ვიღაცასთან ხომ ვერ გავიქცევი და მასთან ავფეთქდები?!
– წლებთან ერთად ჩვენი სტილი და გემოვნებაც იცვლება. როგორ უყურებდით საკუთარ თავს წლების წინ და როგორ უყურებთ ახლა?
– ამ თემაზე ვფიქრობ ხოლმე და მივხვდი, რომ ეტაპობრივად მინიმალიზმამდე მივედი. თანამედროვე ტენდენციები, სპორტული ფეხსაცმელი და თავისუფალი სამოსი მომწონს. ბოლო პერიოდში მეც ასეთი მინიმალისტური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. რაღაც მომენტში შევწუხდი კიდეც ასეთი მინიმალიზმით. როგორც ხელოვანს, განსხვავებული სამოსის მორგების სურვილი გამიჩნდა, თუმცა, როცა ვიპრანჭები, ამ გაპრანჭვაშიც “მორიდებული” ვარ, სიღატაკის ვიზუალი გამომდის ხანდახან.
ზოგადად, სტილი იცვლება ადამიანის განწყობასა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან ერთად. მამაჩემის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ჩემში. თუმცა მხოლოდ ჩემი შინაგანი ტალღების ბრალი არ არის ეს, ასეთ დასკვნამდე მივედი. არ მომწონს გადამეტებული გამოპრანჭვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაპრანჭულ ქალბატონებს რომ ვაკვირდები, არაადეკვატურობის შეგრძნება მრჩება.
– ფერებზე რას გვეტყვით, თქვენს გარდერობში რა ტონები ჭარბობს?
– ფერები მთელი ფილოსოფიაა. ფერთა თერაპიაც კი არსებობს. არასოდეს მქონია შავი ტანსაცმელი. მამის გარდაცვალების შემდეგ მივედი შავ ფერამდე. როგორც ჩვენი წესი და ტრადიცია მოითხოვს, ამ ფერის სამოსი უნდა მეტარებინა და შემდეგ მოვიხდინე კიდეც, თუმცა მაინც უფრო ღია ფერები მიყვარს, ლურჯი და მისი ყველა ტონალობა. თეთრიც მიხდება, მაგრამ იშვიათად ვატარებ ყოველდღიურობაში. ვარდისფერიც კი შევიძინე და მომწონს. ადრე არ ვხმარობდი, ძალიან ბავშვურად მეჩვენებოდა.
ზოგადად, მე ღია ვარ ექპერიმენტებისთვის, ხშირად ვიცვლი თმის ფერს. ჩემ ირგვლივ არიან მეგობრები, რომლებსაც თეთრი თმით მოვწონვარ, მეორე “ბანაკი” თვლის, რომ მუქ თმაში სხვანაირად ეშხიანი და სასწაულად მომხიბვლელი ვარ. ჩემი არტისტულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ერთფეროვნებას ვერ ვიტან. არ შემიძლია, როცა ერთსა და იმავე ვარცხნილობას დიდხანს ვატარებ, თითქოს ნაკვთებიც კი მიფერმკრთალდება.
– სტილისტს დახმარებისთვის მიმართავთ?
– სტილისტი არასოდეს მყოლია – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი. იქნებ იმიტომ არ მქონია სურვილი, რომ დედა მყავდა სასწაულად დახვეწილი და გემოვნებიანი. ახლა დედაჩემი რომ ახალგაზრდა იყოს იმ პოტენციალითა და ნიჭით, ძალიან ცნობილი დიზაინერი იქნებოდა. დედა და მისი და საკუთარი ხელით კერავდნენ საოცრებებს. მეზობლებს აკვირვებდნენ, რა შესაძლებლობები აქვთ დებს, რომ ასე იცვამენო. არადა შეეძლოთ, ერთი პალტო სეზონზე ორჯერ, სამჯერ გადაეკეთებინათ. ქალბატონი ლილის მიერ შექმნილი სასცენო კოსტიუმები, რომლებსაც ჩემთვის კერავდა, დღესაც შენახული მაქვს.
– ქალბატონ ლილის კარგად იცნობს საზოგადოება, უყვარს და აფასებს. ამჟამად როგორ გრძნობს თავს, ალბათ ხელსაქმეში გეხმარებათ.
– დედას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამას ემატება ასაკი და… თუმცა რაღაცას მაინც აკეთებს. უზომო სიყვარული აქვს ჩემ მიმართ და ცდილობს, რაღაცით დამეხმაროს. ხშირ შემთხვევაში არ ვუშლი, მინდა, იმოძრაოს და აქტიური იყოს რაღაც დონეზე მაინც.
– სტილთან დაკავშირებით დედის აზრს ისევ ითვალისწინებთ?
– ახლა უკვე ისეთი ეგოისტი ვარ… (იცინის), ჩამოყალიბებული ამბიციებით… (იცინის), მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ვეყრდნობი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხან მაინც მივდივარ და ვეკითხები, აბა, დედა, როგორ მოგწონს-მეთქი. ისიც თავის აზრს მიზიარებს.
მამაჩემსაც საოცრად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. ეს მის სასცენო სტილსაც ემჩნეოდა. ყველა დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, ამით პატივს სცემდა საკუთარ თავს და მაყურებელსაც. თემურის ჩამოტანილი კაბა დღემდე მაქვს, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს სამხრეთ ამერიკაში გასტროლების დროს იყიდა ჩემთვის. მამაჩემის ნაყიდი ჯინსის ქურთუკი და ქვედატანიც მაქვს, ფეხსაცმელი, რომელიც დედას უყიდა და ახლა მე ვიცვამ. ყველა ეს სამოსი ისევ აქტუალურია.
– თავის მოვლასთან დაკავშირებით დედისგან სასარგებლო რჩევებიც გექნებათ მიღებული.
– კი და ჩვენს ქალბატონებსაც გადავცემ მის რჩევებს. დედას დღესაც საოცარი კანი აქვს. კი, ასაკი ემჩნევა, მაგრამ ნაოჭები თითქმის არ აქვს. ეს კი გარკვეულწილად იმ ნიღბის დამსახურებაა, რომელსაც ახლა გასწავლით.
აიღეთ არაჟნის პატარა ქილა და ერთი სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ. კარგად მოურიეთ. როცა მარილი გალღვება, ქილა ისევ ჩადგით მაცივარში და კვირაში რამდენჯერმე წაისვით დაბანილ სახეზე. არაჟანი კანს კვებას, მარილი კი ამკვრივებს. ნიღაბი თბილი წყლით უნდა ჩამოინაბოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გვირილის ან სხვა მცენარის ნაყენი წაისვათ, რომელიც წინასწარ გექნებათ მომზადებული და კუბიკებად გაყინული. საოცრად უხდება შეშუპებულ სახეს და ფორებსაც კრავს.
– რა არის ის ნივთები, რომლებიც თქვენს ხელჩანთაში აუცილებლად მოინახება?
– ჩემი კოსმეტიკური ჩანთა სულ თან მაქვს. მაკიაჟს ყოველთვის ვიკეთებ. არ ვარ კმაყოფილი, როგორც გამოვიყურები და ვცდილობ, დავფარო ის ხარვეზები, რომლებსაც სახეზე ვამჩნევ. ამ მაკიაჟით ვატყუებ ხალხს… (იცინის).
– უფრო აქტიური ჩარევების მომხრე არ ხართ?
– ჯერ ერთი, ინექციის მეშინია, გარდა ამისა, არავინ იცის, წლებთან ერთად ასეთი ჩარევები რა შედეგს გამოიღებს. რასაკვირველია, ადამიანმა თავს უნდა მიხედო და მოუარო, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთგვარი არაჯანსაღი ეგოიზმია ვიზუალზე ზრუნვის იდეაფიქსად ქცევა. ცნობილი სახე როცა ხარ და მუდმივად კამერის წინ გიწევს ჯდომა, მესმის, ეს პროფესიის ნაწილია და ეკრანს ნამდვილად სჭირდება.
სოციალურ ქსელებში ტენდენციაა, ბრწყინავს ყველა, ცხოვრებაში რომ ხვდები, სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. მე უფრო ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ. ანა მანიანიმ თქვა, ნუ მალავთ ჩემს ნაოჭებს, მე ისინი ძვირად მიღირსო. მე ვიცი, რომელმა დრამატულმა მოვლენამ რომელი ნაოჭი გამიჩინა სახეზე. ჩემი სუბიექტური აზრით, სახე ერთგვარი რუკაა ცხოვრების და რანაირად უნდა შევიმეცნო თავი და ვიარო ღმერთის გზაზე, თუ სარკეში ჩავიხედავ და რუკა არ დამხვდება?
2024 წელი

სრულად წაკითხვა