ქვეყანაში რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ – ზურაბიშვილი

2 weeks ago 13

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეცდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმედი ჰქონდა. ასე ეხმაურება პრეზიდენტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა როგორც საკუთარ თავს, ისე მთელ ქვეყანას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში რჩება მხოლოდ ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს პრეზიდენტის ინსტიტუტია.

“იმედი, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე. მაგრამ, მე ყოველთვის მაქვს ადამიანების იმედი. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც არაერთხელ ადამიანებმა გამოაჩინეს შინაგანი ძალა იმისა, რომ შეიძლება გადაუდგე მოვლენებს და დადგე, როგორც პიროვნება. მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, რომ მათზე არის დამოკიდებული ის საშუალება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და მერე დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა ერთ საშუალება აქვთ მოცემული, რომელიც ისტორიაში არასოდეს დაბრუნდება და რომლებიც ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, მე ვთვლიდი, მჯეროდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სამი ადამიანი მაინც და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე. შევცდი.

შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად ხელისუფლება. რჩება რა?! რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება, მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიფინგზე მის ზურგს უკან იდგნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა