5 აგვისტოს საღამოს, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია კიდევ ერთხელ გაითიშა, რაც 24-25 ივლისის გათიშვის შემდეგ ორ კვირის მანძილზე მესამე ასეთი შემთხვევაა.
ელექტროენერგია დაახლოებით 20:10 საათზე გაითიშა, რის გამოც თბილისის მეტრო, სხვა სამსახურებთან ერთად, იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა. ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 21:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა.
მოგვიანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელმა ვანო ზარდიაშვილმა 24-25 ივლისის გათიშვიდან რამდენიმე დღეში თანამდებობა დატოვა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები