ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსვიე ბეტელი აცხადებს, რომ ის სრულად უჭერს მხარს საქართველოში დემონსტრანტების ძალადობრივად დასჯაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას. თუმცა, როგორც ლუქსემბურგელი მინისტრი ამბობს, სხვა საკითხია 26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველოსთან მიმართებაში ეს ამბავი 2 საკითხად უნდა გაიყოს.
“თუ ჩვენ ვიტყვით რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ რომ იყო გაყალბება, ასეულობით დამკვირვებელი იმყოფება არჩევნებზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება და იმიტომ არ ვსაუბრობთ დასჯაზე, რომ შედეგები არ მოგვწონს.
თუმცა მიუღებელია ხელისუფლების ქცევა დასაჯოს დემონსტრანტები ასე ძალადობრივად. ეს არის მიუღებელი და აქ უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები.
მაგრამ იმ პარტიის დასჯა [არჩევნებისთვის], რომელსაც კარგი შედეგები ჰქონდა და ჩვენ ეს არ მოგვეწონა, ჩემთვის მისაღები არ არის.
ჩვენ გვჭირდება შიდა დისკუსია და შეთანხმების პოვნა, რომელიც ყოველთვის ადვილი არ არის.
არჩევნები ერთი საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება ცუდი საქციელისთვის – მეორე. მე ჩემი მხრივ არ დავბლოკავ და პირიქით, მხარს ვუჭერ მათ სანქცირებას, ვინც პატივს არ სცემს ხალხს. მაგრამ არჩევნები სხვა საკითხია. და თუ ისინი [“ქართული ოცნება”] მართლები არიან [არჩევნებში]… ევროპისკენ გზა… ეს სამწუხაროა მათთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმიტომ, რომ ევროპული მომავლის სურვილები და ოცნებები ჰქონდათ და პოლიტიკური მიზეზების გამო ყველაფერი განადგურდა”, – აცხადებს ბეტელი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი მაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის დღევანდელ საბჭოზე 2 საკითხი განიხილება.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ პერსონალურ სანქციებზე (“ქართული ოცნების” წარმომადგენლების) და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზე.
“საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ”, – განაცხადა კაია კალასმა და ხაზი გასუვა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს.
მისი თქმით, უკვე მომზადებულია დასასანქცირებელი ადამიანების სია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა დაეთანხმოს. “ქართული ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანს უკვე ნათქვამი აქვს, რომ მის მხარს არ დაუჭერს პერსონალურ სანქციებს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის საკითხს, მას ყველა წევრის კონსენსუსი არ სჭირდება.
“[დასასანქცირებელთა] სია უკვე მომზადებულია, მაგრამ მას ყველა უნდა დაეთანხმოს და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იქ”, – თქვა კალასმა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო დღეს დაიწყო. საქართველოს გარდა მასზე ასევე იმსჯელებენ სირიის პროცესებზე და უკრაინაში ომზე.