19
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა, პროცესზე მყოფ ოთხივე ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარება მოსთხოვა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მარტივი მახე და „ქუჩური გარჩევა“ უწოდა:
„ბოდიში, მაგრამ ეს კითხვა ცოტა მარტივი მახეა, თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: „აი, ხომ გვაღიარეთ“, თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეშიო. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის – „აღიარებთ – არ აღიარებთ“?! სწორედ ამ არჩევანს უტოვებს მხარე იმ საზოგადოებას, რომელიც მათ პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. კანონის დარღვევით შექმნილ კომისიაზე ვინც მივიდა, უთხრეს, გვაღიარეთო, ვინც არ მივიდა – დაიჭირეს. რანაირად არის ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი?!“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილმა სხდომაზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „კენგურუს მართლმსაჯულებაზე“ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპრემიერიც კი საუბრობენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ გამოსვლამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას შენიშვნა გამოიწვია. მოსამართლემ ბიბილაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესზე, პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:
რევაზ ნადარაია:
„პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანთ. თუ პასუხის გაცემა არ გნებავთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რაც ბრძანეთ, გასაგებია და დაბრძანდით“.
ზაზა ბიბილაშვილი:
„მე მგონია, რომ თქვენი ახლანდელი კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს. საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ პასუხის გაცემა არ მნებავს, როდესაც პასუხი უკვე გავეცი?!“
რევაზ ნადარაია:
„გასაგებია, სასამართლო იღებს თქვენს პასუხს, მაგრამ შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“.
ზაზა ბიბილაშვილი:
„ეს უკვე ღია კარის მტვრევაა – რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო, უკვე ვიცით“.
რევაზ ნადარაია:
“თქვენ უკვე ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი. ცდილობთ, რომ ჩაშალოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. თქვენს პროფესიონალიზმს დესტრუქციით ვერ დაამტკიცებთ. არ სცემთ პასუხს კითხვას და აპელირებთ საზოგადოებაზე.”
ცნობისთვის, პიკი ისედაც უმაღლესი წერტილია, ზენიტია და არ არსებობს “ძალიან პიკი”, ან “საშუალოდ პიკი”, ან “ისე რა პიკი”, – შესაბამისად, უცნობია, რას გულისხმობს მოსამართლე. შეიძლება “უკვე ძალიან პიკი” რამე უცნობი სამართლებრივი ტერმინია და არ ვიცით?
საერთაშიროსო alia.ge