„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

3 hours ago 2

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

მეორე ნაწილი იხილეთ აქ

მესამე ნაწილი იხილეთ აქ

მეოთხე ნაწილი იხილეთ აქ

ნაწილი მეხუთე

თავი X

    დაახლოებით, ხუთი წუთის განმავლობაში, უცვლელი იყო სურათი ამ უზარმაზარ ოთახში. ისეთ სიჩუმეს მოეცვა იქაურობა, რომ ფეხზე მდგომი ადამიანების შესწორებასაც არ გამოუწვევია მისი ოდნავი დარღვევაც კი. მხოლოდ მარიამის მხრიდან, პერიოდულად მოისმოდა უმნიშვნელო ხმა, როდესაც ის რკინის საწოლზე მწოლიარე შვილს მკერდზე გადაუსვამდა ხოლმე ხელს. რაღაც დროის შემდეგ, მთავარმა პათანატომმა, რომელიც კონსტანტინეს გვერდით იდგა, ჩუმად გადაულაპარაკა:

  ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. თქვენ მხოლოდ ტანისამოსი გამოგვიგზავნეთ. გადმოსვენებასაც ჩვენს თავზე ვიღებთ.

    კონსტანტინემ თვალები მოხუჭა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

  გასაგებია… შემდეგ, მეუღლესთან მივიდა და დაბალ ხმაზე უთხრა ექიმის ნათქვამი.

    მარიამმა ერთი ხელით შეუმჩნევლად გამოიმშრალა თვალები, ისე, რომ მეორე ხელი შვილის მკერდისთვის არ მოუცილებია, რომ მეუღლეს ჩვეულებრივი ხმით მიმართა:

  შენ და გიგა წადით და მოაწესრიგეთ იქაურობა. მე ჩემს შვილთან ერთად წამოვალ. ტანსაცმელი ვინმეს გამოატანე. უთხრა ისე, რომ მისკენ არ მიბრუნებულა.

    მანქანაში მსხდომ კონსტანტინეს და გიგას, სახლამდე ხმა არ გაუღიათ. დახოცილებივით შევიდნენ ცარიელ სახლში და პირველი, რაც კონსტანტინემ მოიმოქმედა ის იყო, რომ თავის ერთ ახლობელს დაურეკა და სასწრაფოდ მიცვალებულის სასახლის პრობლემის მოგვარება სთხოვა. შემდეგ, ლუკას ტანსაცმლის მოძებნას შეუდგა, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ სათანადოდ ვეღარ აზროვნებდა. თავს ძლივს იმაგრებდა, ხშირად ჩერდებოდა და სახეზე ხელს იფარებდა. გიგაც ეხმარებოდა, მაგრამ ისიც არანაკლებ იყო განადგურებული. როგორც იქნა, ლუკასთვის ტანსაცმელი მოიძიეს, რომელიც არცთუ ისე ბევრი საძებარი ჰქონდათ, სიმცირისა გამო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაუჭირდათ და გაუგრძელდათ. ერთ ჩანთაში, შეუჩერებელი ცრემლების ფონზე, გიგამ ფრთხილად ჩაალაგა ყველაფერი და დაბლა მომლოდინე მძღოლს ჩაუტანა. მისი ამოსვლა იყო და პირველი, რაც მათ მოიმოქმედეს, მისაღებ ოთახში დიდი მაგიდა დაშალეს და სამზარეულოში გაიტანეს, რომლის ადგილზეც ერთი ძველი ტახტი დადგეს და ზედ გადასაფარებელი გადააფინეს. შემოსასვლელიდან დაწყებული, ისე განალაგეს ყველაფერი, ხალხს მოძრაობაში ხელი რომ არ შეშლოდა. ამ საქმეს რომ მორჩნენ და კიდევ ერთხელ მოათვალიერეს იქაურობა, კონსტანტინეს სახიდან წამოსული მზერა, მისაღები ოთახის შუაგულში მდგარ, ლუკას დასასვენებელ ტახტზე შეჩერდა. ცოტა ხანს ასე იყო თითქოს გაშეშებული. იქნებ ლუკას უკანასკნელ ამოხედვას იხსენებდა მამა, კიბეზე ჩარბენისას რომ გაჩერდა და ამოიხედა. სახის ნაკვთები შეუმჩნევლად აუთამაშდა კონსტანტინეს, რომლის გამოკვეთილი ასახვაც, უეცრად აკანკალებულ ნიკაპზე აისახა, რამაც, თავის მხრივ, თვალში მოწოლილი ცრემლით გამოხატა მშობლის ჩაფუფქული გულის მუშაობის შედეგი. კონსტანტინე სუსტი მამაკაცი არ იყო. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, თავი შეიმაგრა, ოთახიდან გასასვლელად დაიძრა და გიგაც იხმო. ისინი ლუკას საძინებელს მიუახლოვდნენ და შიგნით შევიდნენ. შესვლისთანავე, მშობელი იმ პატარა, გასაშლელ საწოლთან შეჩერდა, რომელშიც, ბოლო ხანებში მის შვილს ეძინა. ორი-სამი წუთი მაინც დასცქეროდა მამა შვილის საძინებელ ადგილს, რომ ამ დროს, როგორც იქნა, ამოთქვა:

  ეს საწოლი ავშალოთ და აივანზე გავიტანოთ. მაგიდა აქეთ ჩამოვწიოთ, რომ მეტი სივრცე იყოს შემოსასვლელში. შენ დღისით ამ ოთახს ხალხის მისაღებად გამოიყენებ, ხოლო ღამით, დასაძინებლად. ეს თქვა და ცოტა ხნით კიდევ შეყოვნდა. შემდეგ, თითქოს კვლავ მოიკრიბა ძალა და საწოლს დასწვდა ასაშლელად, რაშიც გიგაც მიეხმარა და საწოლი აივანზე გაიტანეს. ერთი ის იყო, რომ ლუკას საწოლის აშლის დროს, ძალაგამოცლილ გიგას, ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან ცრემლი და ცდილობდა, კონსტანტინეს არ შეემჩნია, რასაც, თავის მხრივ, მაინც ამჩნევდა მისი უფროსი მეგობარი. ამ საქმეს რომ მორჩნენ, კონსტანტინე გიგას მიუბრუნდა. ტრადიცია არის ტრადიცია, რომელსაც ვერ დაარღვევ. თქვა და პატარა პაუზის შემდეგ განაგრძო. მე თუ მკითხავ, ჭირისუფალი ამაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს, განსაკუთრებით დღეს, მაგრამ ხვალ, და მითუმეტეს ზეგ, უკვე გვიანი იქნება და ყველაფერი აირევა. ყველაფერი წესის მიხედვით უნდა წარიმართოს. მიმძიმს ამაზე საუბარი და სიკვდილია ჩემთვის ახლა ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლოს ეს მაინც ჩვენი გადასაწყვეტი გახდება. გიგას ჯერ კიდევ სდიოდა ცრემლი, რომ კონსტანტინემ რამდენიმე წამს უჩუმრად უყურა და განაგრძო. შენ უნდა აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი, ჩემო პატარა მეგობარო. შეიძლება, გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ როგორმე უნდა შეძლო. ხალხი მოვა, ძალიან ბევრი ხალხი. ამ ოთახს, დღისით ამ საქმისთვის გამოიყენებ და რვეულში აღნიშნავ ყველაფერს. ღამით დაიძინებ, მეორე დღეს ენერგია რომ გქონდეს. რაიმე თუ გაუგებარი იქნება შენთვის, ჩემს ძმას უთხარი და გაგარკვევს. მეტს ვეღარაფერს გეტყვი, არაფრის თავი აღარ მაქვს. შენი იმედი მექნება. წარმოთქვა კონსტანტინემ და ორი თვალცრემლიანი მამაკაცი ერთმანეთს გადაეხვია, რომელთა გონებაც, ლუკასგან გამოწვეულ მწუხარებას მოეცვა და ამ აუცილებელ ტექნიკურ საკითხზე საუბარი, მექანიკურ ხასიათს უფრო ატარებდა. ისიც არ ვიცი, რატომ გავალებ შენ ამ ყველაფრის გაძღოლას, მაგრამ ვხედავდი, რომ ლუკა ყველაზე ახლოს შენთან იყო. არ მომჩვენებია, ასე იყო. თავისთვის ჩაილაპარაკა კონსტანტინემ და ოთახიდან გავიდა.

    ლუკას სანამ მოასვენებდნენ, მანამდე დაიწყეს ადამიანებმა მოსვლა და, როდესაც მოასვენეს, არც სადარბაზოში და არც სახლში, ნემსი არ ჩავარდებაო, რომ იტყვიან, იმდენი ხალხი იყო თავმოყრილი. გოდება და ტირილი ისმოდა ყველგან. ლუკა კი იწვა სამუდამო განსასვენებელ სასახლეში, თითქოს თავის ყოველდღიურ ტანსაცმელზე ცოტა უკეთესი სამოსელით, მაგრამ ღარიბად დაბადებული, იმქვეყნადაც მოკრძალებული ფორმით მიდიოდა. გაივლის წლები და სწორედ მისგან დაწესებული საკუთარი ცხოვრების ასეთი წესი, მისი სულიერი უბრალოების წარმოჩენის საფუძველი გახდება. დიახ, ის ჩაცმულობა იქნება პირველი მიზეზი იმისა, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს ლუკას სიყვარულით გამთბარ გულს, რაც, თავის მხრივ, საუკუნეების განმავლობაში ღარიბი ბავშვებისა და ყმაწვილების დუხჭირი ცხოვრების შემსუბუქების წყაროდ იქცევა. ეს ყველაფერი მოახერხა იმ პატარა ბიჭმა, რომელიც ახლა უძრავად იწვა და საუკუნო განსასვენებელში მიმავალს, საგზლად მხოლოდ თავისი სიყვარული მიჰქონდა. კონსტანტინეს მითითებით, მას მთლიანად გადააფარეს სუდარა, რათა ასეთი სახით ის არავის ეხილა. გიგამ უკანასკნელად შეავლო თვალი ადამიანს, რომლის სულიერ მესაიდუმლედაც იქცა იმ ოთახში, საითაც ახლა სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. მიდიოდა იმიტომ, რომ სხვის შეუმჩნევლად, ერთხელ კიდევ დაეღვარა ცრემლი. ეს არის მიცვალებულთან გამოსათხოვარი ერთადერთი გზა, რომელიც განგებამ, სიკვდილის წინაშე უძლურებისა და უსუსურობის გამოხატულებად, უნარის სახით მისცა ადამიანებს. ათი წუთი მაინც ებრძოდა გიგა ცრემლის შეჩერებას და, როდესაც მიეცა მის გონებას იმის გააზრების საშუალება, რომ კონსტანტინეს გვერდით მყოფი სჭირდებოდა მისი სახით, თვალები საბოლოოდ გამოიმშრალა, თავი შეიმაგრა და ოთახიდან გავიდა. მოზღვავებული ხალხის ნაკადში ძლივს გაიკვლია გზა და შვილის ცხედართან მდგარ ოჯახის უფროსს ამოუდგა გვერდით. მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. კონსტანტინე კი იდგა მდუმარედ და ლუკას შესივებულ თავზე გადაფარებულ სუდარას თვალგაშტერებით დასცქეროდა. გიგას გარდა არავინ იცოდა, რას ფიქრობდა იმ დროს მამა, რომლის დამწუხრებულ სახეს, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებად აღიქვამდა ყველა. არადა, ეს იყო სინანული, რომელიც მწუხარებაზე გაცილებით მეტად არყევს ადამიანის სულს. იქვე, წიგნების კარადის წინ ჩამწკრივებულ ერთ-ერთ სკამზე, ნათესავების და მეგობრების გარემოცვაში იჯდა მარიამი, რომელიც შვილის ცხედარს უკვე მერამდენედ ათვალიერებდა  თავიდან ფეხებამდე. მას თვალში ცრემლი გაშრობოდა და მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ალბათ, შვილის ბავშვობას მიუყვებოდა, რომელიც, დრო და დრო, თვალში სისველედ მოაწვებოდა ხოლმე. ხალხი ხმაურიანი ტირილით გამოხატავდა ლუკას გარდაცვალებას. ამის შემხედვარეს, მარიამს ხანმოკლე ჩუმი ქვითინი აუვარდა და საკმაოდ ჩუმადაც ჩაილაპარაკა: რამდენს ჰყვარებია თურმე ჩემი შვილი.

    მოსაღამოვდა და ხალხიც ცოტა შეთხელდა. იმის გამო, რომ კონსტანტინემ გიგას დაავალა ყველაფრის ორგანიზება, ისიც ზედმიწევნით აკონტროლებდა ყველა საჭირო საკითხს, რომლის გაკეთებასაც, ასეთ დროს, აუცილებელი საჭიროება მოითხოვდა. მასიური ტირილი რომ მინავლდა, გიგამ დაინახა, რომ არშესული მისაღებ ოთახში, სადაც ლუკა ესვენა, სადღაც კუთხეში მიმდგარიყო ერთი პატარა გოგონა და ჩუმად ქვითინებდა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ იმ ადგილას რამდენჯერმე გავლილ გიგას, თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია. ხალხი კიდევ უფრო რომ შეცოტავდა, ეს გოგონა ადგილიდან მაინც არ იძვროდა და აგრძელებდა ქვითინს. კორიდორში მორიგი გავლისას, მან ეს სცენა კვლავ უცვლელად რომ დააფიქსირა, პირდაპირ მიეჭრა და ჰკითხა:

  უკაცრავად, გენაცვალე! ნათესავი რომ იყო, ალბათ, მეცნობებოდი. მაპატიე მაგრამ, ამ ოჯახის ახლობელი ხარ? უთხრა და დაელოდა მისგან პასუხს.

    გოგონა ჯერ შეეცადა, რომ ქვითინი შეეწყვიტა და თავი მოემაგრებინა. შემდეგ თვალები გამოიმშრალა და თავდახრილმა, არც თუ ისე გამართულად ამოთქვა:

  არა, ოჯახის ახლობელი არ ვარ. ლუკას კლასელი და უბნელი ვარ. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მე ნინო მქვია. თქვენ კი, ალბათ, გიგა ხართ.

  საიდან იცი ჩემი სახელი? გაკვირვებით ჰკითხა კვლავ თავდახრილ გოგონას გიგამ.

  ლუკამ მითხრა თქვენს შესახებ. წარმოთქვა ცოტა გამართულად და ოდნავ თავიც წამოსწია.

  გხედავ, რომ განსაკუთრებულად, მძიმედ განიცდი მეგობრის გარდაცვალებას.

  ლუკა მარტო მეგობარი არ იყო. ის განსხვავებული იყო ყველასაგან და ვფიქრობ, რომ მისთანა ადამიანს, ვეღარასოდეს შევხვდები.

  ძალიან დიდი ხანია, ფეხზე მდგომარეს გხედავ. უთხრა შეწუხებული სახით გიგამ. დაიღლებოდი. წამოდი, ლუკას ოთახში დავჯდეთ. დაისვენებ და თან ვისაუბრებთ კიდეც.

    გოგონას არაფერი უპასუხია, მოღვენთილი და წელში აბუზული გაჰყვა უკან ახალ გაცნობილ ადამიანს. ოთახში რომ შევიდნენ და მაგიდის აქეთ-იქით ჩამოსხდნენ, გიგამ კარი ნახევარზე მეტად მიხურა, რადგან სამზარეულოში რამდენიმე ადამიანი იჯდა და საუბრობდა.

  ჰო, ნინო, ლუკას გამორჩეულობაზე ვსაუბრობდით. შეახსენა გიგამ.

  კი… ამოიოხრა ნინომ და განაგრძო. ლუკა თავისი ხასიათით და ქმედებით, რადიკალურად განსხვავდებოდა ყველასგან.

  და ეს რაში მდგომარეობდა და ამას რაში ხედავდი, ნინო? მოკრძალებით ჩაეჭრა გიგა.

  ყველაფერში… აგრძელებდა გოგონა და პერიოდულად, თვალებს იმშრალებდა, საიდანაც განუწყვეტლივ სდიოდა ცრემლი. ჩვენი კლასელების უმრავლესობა, მართალია, ინტელიგენტი ოჯახებიდან ვიყავით, მაგრამ ფინანსურად შეჭირვებულ ფენას წარმოვადგენდით. ახლა უარესი დღე დაგვიდგა ყველას, რადგან პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ბიჭებმა, ამ არეულ დროში რაღაცით უშველეს თავს, მაგრამ გოგონებს რა უნდა გვექნა?! ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჩვენი კლასელი ბიჭებისგან უყურადღებოთ ვიყავით მიტოვებული გოგონები, მაგრამ იმას, რასაც ლუკა აკეთებდა ჩვენს მიმართ, არ ვიცი, თუ ვინმეს შეუძლია ამის ქმნა.

  ასეთს რას აკეთებდა, რომ ასე გამოარჩევ მის ქმედებას? იკითხა ინტერესით გიგამ.

  გეტყვით. ჩაილაპარაკა ნინომ და კიდევ ერთხელ გამოიმშრალა ცრემლიანი თვალები. ღამე იცოდა შემოვლა, ყველას მოგვინახულებდა. ხან მოტოციკლით დადიოდა და ხან ფეხით. სახლში რომ შეგეპატიჟებინა, მაინც არ შემოვიდოდა, სხვებთანაც ხომ უნდა მოვასწრო მისვლაო, იტყოდა ხოლმე. ოჯახებს მიხედეთ და ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი, რომ ისედაც ლამაზები, კარგად გამოიყურებოდეთო. ფულს ჩამოგვირიგებდა ყველას და არ ვიცი, რა ბედნიერებას ხედავდა ამაში. თვითონ კი, მოძველებული და უბრალო ტანსაცმლით დადიოდა. რამდენჯერმე შევიკრიბეთ კლასელები და თვალშისაცემი იყო მისი მოქმედება არაფერს ჭამდა. ოდნავ თუ რაღაცას გადაიღებდა თეფშზე, იმასაც ნახევარს ტოვებდა. სასმელს საერთოდ არ სვამდა და არც ეწეოდა. ერთხელ ძალიან გვიან მოვიდა, ორი საათი იქნებოდა ღამის. ეზოში ჩავედი და, როდესაც ფული გამომიწოდა, ვერ მოვითმინე და ვუთხარი: კი მაგრამ, ყველაზე რომ ასე ზრუნავ, შენ რატომ დადიხარ ასე ჩაცმული-მეთქი? შენი მეგობრები, საუკეთესოდ გამოიყურებიან და შენც ხომ შეგიძლია იგივენაირად იცხოვრო-თქო?  რამდენიმე წამს ძალიან სერიოზული თვალით მიყურა, შემდეგ გამიღიმა, მომეხვია, მაკოცა და ასე მიპასუხა: ჩემო ძვირფასო დაიკო, ქალაქში ხომ დადიხარ და, ალბათ ხედავ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა, ჩემნაირად დადის ჩაცმული. ჰოდა, არ მსურს, უმცირესობის წევრი ვიყო. აბა, კარგად იყავი და მაპატიე, რომ ამ შუაღამისას გაგაღვიძე. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. იმ ღამით ძილი აღარ მომკარებია. ძალიან ბევრი ვიფიქრე მის სიტყვებზე. მაშინაც და მის მერეც. მართალი გითხრათ, ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების არსს. ახლა, როდესაც ლუკას გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, პირველი, რაც გამახსენდა, ჩვენი ბოლო შეხვედრა და ის საუბარი იყო. ნინოს ტირილი უფრო მეტად მოეძალა და, როდესაც შეძლო საუბრის გასაგრძელებლად ძალის მოკრება, განაგრძო. მისი გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რა იგულისხმა მაშინდელ ნათქვამში და რას ნიშნავდა მისი ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი.

  რას, ნინო? ჰკითხა ზედმეტი ყურადღებით მასზე მიჩერებულმა გიგამ.

  ის თავისი უბრალო ჩაცმულობით, სოლიდარობას უცხადებდა გაჭირვებულ ახალგაზრდებს.

    გიგამ თავი დაღუნა და გაიფიქრა: “საჭმლის არ ჭამით კი, მშიერ და უპატრონო ბავშვებს”.

  უკვე გვიანია და წავალ. ფეხზე წამოდგა ნინო. ძალა არ მეყოფა, მიცვალებული ლუკას გვერდით დიდი ხნით დგომისა. ნეტავი შემეძლოს, დაკრძალვამდე გვერდიდან არ მოვცილდებოდი, მაგრამ ტირილს ვერ ვიკავებ და ეს სადღაც წამართმევს გონებას. ამას ვგრძნობ და არ მინდა, უხერხულობა შევქმნა. წავალ და ჩემთვის ვიფიქრებ. ვიფიქრებ ადამიანზე, რომელიც სწორედ რომ, ადამიანურობის უმაღლეს მწვერვალზე იდგა. ამას რომ ვამბობ, მე მხოლოდ მის უკეთილშობილეს გულს არ ვგულისხმობ. მისი სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი, გაუგონარი სიმამაცე იყო, რაც მამაკაცის შინაგან ხასიათს მთლიანად წარმოაჩენს. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მას არავისი და არაფრის არ ეშინოდა. პირიქით, როდესაც დედაქალაქის მთელი მოსახლეობა დაბინდებისას სახლებში იკეტებოდა, რადგან გარეთ მხოლოდ ყაჩაღები და მკვლელები დაძრწოდნენ, ის ქალაქის მივარდნილ ქუჩებში უშიშრად დადიოდა და მადლის ქმნაში ბედნიერებას ეძებდა. არ ვიცი, რა ძალას ფლობდა ასეთს, მაგრამ მთელ ქალაქს ეშინოდა მისი. ღამით უყვარდა სიარული. ამიტომ, გასასვლელად გაემზადა ნინო და კარი გამოხსნა. ჩემს მეხსიერებაში ის დარჩება, როგორც ღამის კეთილშობილი განგსტერი.

    გიგამ კიბეებამდე გააცილა ლუკას მეგობარი გოგონა, დაემშვიდობა და კვლავ იმ ოთახს დაუბრუნდა, სადაც კარი მთლიანად მიხურა. სკამზე უღონოდ დაეშვა, ერთი ხელი მაგიდაზე ჩამოდო და ფიქრს მისცა თავი: “ინტერნატიდან რა გამომყვა? იქნებ არც ღირს ამაზე ლაპარაკი”. ეს სიტყვები ჩაესმა გიგას და გაახსენდა, ამის თქმის შემდეგ, ლუკამ როგორ იბრუნა კედლისაკენ პირი, ძილის მომიზეზებით.

  მე შენ გითხარი, რა გამომყვა ინტერნატიდან. ძალიან დაბალ ხმაზე დაიწყო ლაპარაკი გიგამ. გითხარი ის, თუ როგორ მიჭირდა ჭამა, როდესაც სუფრასთან დავჯდებოდი. მიუხედავად ამისა, ისე თუ ასე, სუფრას ბოლომდე მივუყვებოდი და ზოგჯერ ღვინო საპირწონე მოწინააღმდეგედ ევლინებოდა ჩემში ამ გრძნობას. მე ვთქვი ის, რაც, შეიძლებოდა, რომ არ მეთქვა. თანაც დავაყოლე ისიც, რომ ეს ყველაფერი ტანჯვას მგვრიდა. შენ კი, ამაზე ათასჯერ მეტი სატანჯველი გამოგყოლია იქიდან და არ თქვი. მეტიც, იმ სატანჯველის კომპენსაციას, შენი ყოველდღიური ქმედებით ახდენდი. უფრო მეტად თუ ჩავუღრმავდებით შენგან დადგენილი ცხოვრების წესი, სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება იყო ღარიბი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ, რაც შენი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, თავადვე გეხმარებოდა. შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამაში-ღა ჰპოვებდი ბედნიერებას და როგორც იმ გოგონამ თქვა ეს არის ადამიანურობის მწვერვალი, რომელსაც შენ ოცი წლის ასაკში მიაღწიე. გიგამ ცრემლიანი თვალები კვლავ გამოიმშრალა და სიტყვა ასე დაასრულა. თურმე რა დიდი ყოფილხარ და ჩემთვის რა ძნელია, რომ ამას მხოლოდ შენი გარდაცვალების შემდეგ ვხედავ. მომავალში, შენი ყოველი გახსენებისას (ეს იქნება ძალიან ხშირად), მწუხარებასთან ერთად, რაღაც დოზით შვებას ერთი რამ მაინც მომცემს ნაწილობრივ შენი სულის მესაიდუმლე რომ ვიყავი და მე მეუბნებოდი იმას, რასაც, გჯეროდა, რომ სხვები ვერ გაგიგებდნენ.

    გიგა ფიქრებიდან გამოერკვა და ოთახი მოათვალიერა. გაახსენდა ის დღე, როცა პირველად ნახა ლუკა. ისიც წარმოიდგინა, ლოგინები რომ გადაადგილეს და ის მოუხეშავ პატარა საწოლზე რომ დაწვა და თავისი რბილი საწოლი მას დაუთმო. პატარა საწოლი იქ აღარ იდგა და გიგამაც იმ საწოლს გახედა, რომელიც ოთახში იყო დარჩენილი.

  ის შენ გეკუთვნის და მე იქ ვეღარასოდეს დავწვები. ჩაილაპარაკა, თვალები გამოიმშრალა და ოთახიდან გავიდა.

ავტორის ფეისბუქვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ 

ავტორის იუთუბარხის სანახავად დააჭირეთ აქ

სრულად წაკითხვა