პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისთვის მახის დაგებაში, მის მოტყუებასა და მისი ოჯახის „აწიოკებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან „საშინელი ტკივილი და ტრაგედია“ მოთმინებით და მდუმარებით გულში დაიტოვა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ „უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით“.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე „შანტაჟი და ზეწოლა“ ხორციელდებოდა, მათ შორის მინიშნებები იმის შესახებ, რომ მისი მამა შესაძლოა დააპატიმრონ. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი „გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების“ გამო გაუშვეს ციხეში.
„ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
„თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ“, – წერს ღარიბაშვილი. „სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები