დაპატიმრებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და მის ნათესავ ვასილ მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. პროკურატურამ მათ ახალი ბრალდება წაუყენა თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის საქმეზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საპროცესო შეთანხმებების თანახმად, ბურჭულაძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მხეიძეს – ოთხი წლითა და ორი თვით.
ბურჭულაძე და მხეიძე უკვე იხდიან მრავალწლიან სასჯელს იმავე საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ცალკე ბრალდებებით: ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში, ხოლო მხეიძე – სახელმწიფო სახსრების ფართომასშტაბიანი მითვისების ხელშეწყობაში. ახალი ბრალდებების წაყენებამდე ორი კვირით ადრე დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს იმავე საქმეზე ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებებს ეფუძნებოდა და რომ ორივე მათგანი უკვე გაასამართლეს იმავე საქმეზე, მათ შორის ბურჭულაძე 10-წლიან სასჯელს იხდის.
პროკურატურის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბურჭულაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება, ხოლო მხეიძეს – ქრთამის აღებაში დახმარება.
განცხადების თანახმად, გამოძიებასთან „თანამშრომლობის ხარისხის“ გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საპროცესო შეთანხმებების ფარგლებში, ბურჭულაძეს განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით. მასვე დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით. მასვე დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წელს, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი იყო, მხეიძემ ნაცნობ ბიზნესმენს შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ღარიბაშვილის „სრული სამსახურებრივი მფარველობის“ მიღების შემდეგ და ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა შექმნეს „არაკონკურენტული გარემო“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად.
შედეგად, სამი საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
„ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი“, – აცხადებს პროკურატურა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები