ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარიდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის განცხადებით, მის საქმეზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.
მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის (სამედიცინო აპარატურა ჰოსპიტლისთვის) საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნებს. პროკურატურის თანახმად, ამ საქმიდან ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.
პროკურატურის განცხადებას უცვლელად სრულად გთავაზობთ:
“საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
2026 წლის 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი, იკავებდა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად, განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
ამავე პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი, როგორც მინისტრი, ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამისი პირების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე მისთვის ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიების გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10 პროცენტის ნაღდი ფულის სახით მისთვის გადაცემა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუტანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვის გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, სამი საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 მილიონ 499 ათას 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 მილიონ 484 ათას 960 ლარად.
ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10 პროცენტი — მილიონ 900 ათასი ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული მილიონ 500 ათასი ლარიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო თანხის მეორე ნახევარი — 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად, ასევე ქრთამის სახით, ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ზემოხსენებული ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით, კერძოდ 6 მილიონ 985 ათას 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად შეილახა საჯარო ინტერესი.
საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე”, – აცხადებენ პროკურატურაში.
netgazeti