“ყაველაშვილის ვიზიტი ირანში წითელი ნაჭერია, რომელსაც ივანიშვილი დემოკრატიულ სამყაროს უფრიალებს,” – ლორთქიფანიძე

1 hour ago 4

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

წარმოიდგინეთ:

საქართველო ევროკავშირის გზაზე მყარად მდგარი ქვეყანაა, დემოკრატიულ სამყაროში ჩვენს მთავრობას ენდობიან და სერიოზულ პარტნიორად განიხილავენ, ქვეყანა რეგიონში მცირე, მაგრამ გავლენიან ძალად მიიჩნევა, რესპუბლიკის პრეზიდენტი განათლებული, კულტურული ფიგურაა, რომელსაც იცნობენ და პატივს სცემენ საქართველოს ყველა კუთხეში და საერთაშორისო ასპარეზზე – მაღრიბშიც და მაშრიყშიც… ვთქვათ, შეჰბაზ შარიფის დონეს მაინც აკმაყოფილებს.

ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის თეირანში ვიზიტს ყველა მხარე გამოიყენებდა სამშვიდობო ზავის შესახებ დამატებითი მოლაპარაკებებისა და უმნიშვნელოვანესი დეტალების დაზუსტებისთვის.

დღეს რა ვითარება გვაქვს?

ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულია, მთავრობას არავისთან არაფერი არ აქვს დალაგებული, ქვეყნის შიგნით საზოგადოება გახლეჩილია; საქართველო, რომელიც ყოველთვის იყო კავკასიის გული, რეგიონშიც კი ხელმოცარულ, მაჩანჩალა აქტორად არის ქცეული… პრემიერ-მინისტრი გვყავს და კი ვნახეთ მისი ფუნქცია და როლი ალიევ-ივანიშვილის ჩაის სმის ცერემონიალზე! პრეზიდენტს ვუწოდებთ კაცს, რომელსაც, მგონი, ოფიციალურ სამოსის ქვეშ “შოპოვკები”, წვივსაკრავები და “გრასხოპერსის” გეტრები აცვია! (სირცხვილი მწვავს მის ყოველ გამოჩენაზე). ბანკროტმა, ქვეყნის შიგნით და გარეთ ნულოვანი ავტორიტეტის მქონე სუბიექტმა რა უნდა გააკეთოს ირანში ჩასვლით? ცხადია, მისი ვიზიტი წითელი ნაჭერია, რომელსაც ივანიშვილი დემოკრატიულ სამყაროს უფრიალებს; ასევე რევერანსი იდაყვებამდე სისხლში ამოსვირილი რეჟიმის მიმართ, რომლის ელჩიც პრაქტიკულად ბომბებით გვემუქრებოდა.

ერთი სიტყვით, ქვეყნის სიმყარეზე, პირველი პირის პოლიტიკურ წონაზეა აქ საუბარი, თორემ გაგების დონეზე გვესმის, რატომ ჩავიდა ვთქვათ ფაშინიანი ირანში.

P.S. იმედია, შაჰ-აბასის მემორიალთან არ დაიჩოქებს…

სრულად წაკითხვა