ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

2 hours ago 3

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი ყაზახეთს სტუმრობენ, რაც მათი მესამე ოფიციალური ვიზიტია ცენტრალურ აზიაში. მანამდე, 11-12 ივნისს ისინი ყირგიზეთს, ხოლო 19-20 ივნისს ტაჯიკეთს სტუმრობდნენ.

მაღალი დონის დელეგაციის წევრები არიან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები 29 ივნისს ასტანას აეროპორტში ჩაფრინდნენ, სადაც მათ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.

პირველი შეხვედრა კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მათ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის „პოზიტიური დინამიკა“ განიხილეს და აღნიშნეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“. ამავე პრესრელიზის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების, საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით“, – ნათქვამია პრესრელიზში. „ხაზი გაესვა დაკავშირებადობის, ასევე „შუა დერეფნის” მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას“.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთობლივ დეკლარაციას ხელი კობახიძემ და ტოკაევმა მოაწერეს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა