2
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა.
გამოძიების თანახმად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ.
„პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ც.ო.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.
სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგინებითა და შესაბამისად, შშმ პირის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისაკენ“, _ განაცხადა სუსმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.