„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ივა ჭყონია ამბობს, რომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მოუძღვებოდა ორი საპატრულო ეკიპაჟი არაიდენტიფიცირებად დაჯგუფებას, რომელიც სასტიკად გაუსწორდა წუხელ თბილისის ქუჩებში მედიის წარმომადგენლებს და პარტია „ახალის“ ოფისში კობა ხაბაზს.
ამის შესახებ ივა ჭყონიამ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ. გუშინ ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოუძღოდა საპატრულოს ორი ეკიპაჟი იმ ბანდფორმირებებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლები ძალიან კარგად მახსოვს. მაშინაც კი, თამაშის რაღაც წესები არსებობდა. დღეს სახეზეა სრული თავგასულობა. გუშინ რასაც ვუყურე, როგორც მოექცნენ ჟურნალისტს, ოპერატორს… ოპერატორი გუშინ იყო რიგითი ანწუხელიძე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ფეხებით შედგნენ, როგორც ანწუხელიძეს. ანწუხელიძე ცემაში მოკლეს, ეს უნდათ. რუსული რეჟიმი გვმართავს!
ახლა ვინც ჩუმად დგახართ, ხელებს ურტყამთ „ფეისბუქზე“ და სისულელეებს „პოსტავთ“, ვინ უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ? როდემდე უნდა „გაბოლონ“, რა ტრამპი, რის ტრამპი, ვინ აღიარებთ ამათ? გამოდით, ყველა დავდგეთ ერთად, ვერავის შეგვაშინებენ. ეს ბანდფორმირებები არიან 50-100 კაცი, ჩვენ ვართ 100 ათასი.
ჩვენი პარტიის ოფისში კობა ხაბაზი შემთხვევით მოხვდათ ხელში. ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაიმეტებდნენ. ყველა ბიზნესს, ყველას, ვინც რაღაც საქმით არის დაკავებული და ამ ქვეყნისთვის დოვლათს ქმნის, გამოდით! თქვით, რაც ხდება. მადლობას გიხდით ყველა ჟურნალისტს, ვინც ამას უძლებთ და აშუქებთ. ყველა პარტია და კოალიცია ვართ ერთად“, — თქვა ჭყონიამ.
მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
მეთერთმეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.