“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგი წერეთელი საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ბრალია ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან უკიდურესად მძიმე ურთიერთობა:
“საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან – აშშ-თან თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა არის უკიდურესად მძიმე და რთული და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ეს არის სწორედ არსებული დე ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯების ბრალი და იმ მმართველობის ბრალი, რომელიც დღეს არის საქართველოში და მაგალითად “მეგობარი აქტი”, რომლის განხილვაც დაწყებულია კონგრესში და ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ორმხრივი მხარდაჭერა.
ეს კანონი თუ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ზომები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებაზე. ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შესაძლებლობებს – იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-თან, ვიზალიბერალიზაცია თუ ა.შ. და ეს არის სწორედ იმ ადამიანების ბრალი, ვინც დღეს იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს.
ასევე, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა პოლონეთი და ჩვენ ვიცით დამოკიდებულება ბოლო პოლონელი ლიდერების – პრეზიდენტის თუ მთავრობის ზოგადად და მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამ მნიშვნელოვანი ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, სადაც არის პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, რომ არანაირი შეგუება ამ ვითარებასთან არ იქნება და ზოგადად ის მოთხოვნა, რაც არის დღეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ახალი არჩევნები და ახალი არჩევნების მომზადება, თუ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება კიდევ უფრო მძიმე და მტკივნეული პასუხები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს