ყველაზე ლამაზი „ჯულიეტა“ გარდაიცვალა (ვიდეო)

15 hours ago 2

73 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ოლივია ჰასი (Olivia Hussey) გარდაიცვალა ბერბანკში (ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია), საკუთარ სახლში. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

ჰასი 15 წლის იყო, როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ შექსპირის ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტა“ ეკრანიზაციაში გადაიღო. ფილმი 1968 წელს გამოვიდა.

ჰასიმ ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლის­თვის „ოქ­როს გლო­ბუ­სი“ მო­ი­პო­ვა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ახალ­ბე­და მსა­ხი­ობ­მა, თუმცა წლე­ბის შემ­დეგ Paramount Pictures-ს უჩივ­ლა. მან და ლეონარდ უაითინგმა სარჩელი 2022 წლის 30 დეკემბერს შეიტანეს. მათი მტკიცებით, ფილმის რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ჯერ დაარწმუნა ისინი, რომ ფირზე შიშველი სხეულები არ გამოჩნდებოდა და საძინებლის სცენაში ხორცისფერ საცვლებს ჩააცმევდნენ, ბოლოს კი უთხრა, რომ სხეულს მხოლოდ მაკიაჟით დაუფარავდნენ და მოზარდებს ლოგინის სცენა ასე უნდა გაეთამაშებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სურათი ჩავარდებოდა“. სარჩელით ისინი ითხოვდნენ, რომ ეს სასამართლოს სექსუალური ძალადობის აქტად მიეჩნია.

2023 წელს საქმე დაიხურა – ლოს-ანჯელესის ოლქის მოსამართლემ, რომელიც სარჩელს განიხილავდა, ჩათვალა, რომ შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად, თანაც მსახიობებმა საქმე ძალიან გვიან აღძრეს.

ოლივია ჰასის კიდევ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი როლი იყო მა­რი­ა­მი, იე­სოს დედა, 1977 წლის მი­ნი­სე­რი­ალ­ში „იესო ნა­ზა­რე­თი­დან“.

2008 წელს ოლივია ჰასის ძუძუს კიბო დაუდგინეს. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს, მაგრამ დაავადება უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

„ჩვენ ვგლო­ვობთ ამ უდი­დეს და­ნა­კარგს, თუმ­ცა ასე­ვე ვზე­ი­მობთ ოლი­ვი­ას და­უ­ვი­წყარ გავლენას ჩვენს ცხოვრებასა და კინემატოგრაფზე“, – ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოლივია ჰასის დარჩა მეუღლე – დევიდ გლენ ეისლი, სამი შვილი – ალექსი, მაქსი და ინდია და ერთი შვილიშვილი – გრეისონი.

მანანა ბანძელაძე

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები 55 წლის შემდეგ PARAMOUNT PICTURES-ს შიშველი სცენის გამო უჩივიან – მოთხოვნილი თანხა გაგაოცებთ

უბერებელი „რომეო და ჯულიეტა“ კინომუსიკის გენიოსის – ნინო როტას მელოდიის თანხლებით (ვიდეო)

სრულად წაკითხვა