WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 20 სექტემბრის ღამეს დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. უკრაინის ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა შეტევას ომის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. მისი განცხადებით, შაბათიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 1600-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, მათგან დაახლოებით 450 მოსკოვისკენ მიფრინავდა. რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიამდე მივიდა.

ქარხნის ტერიტორიიდან გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს. Reuters-ის კორესპონდენტებმა მოსკოვში აფეთქებების ხმაც გაიგონეს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი დააფიქსირეს. ზარალის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

დრონის ჩამოვარდნა და აფეთქება დაფიქსირდა საცხოვრებელ რაიონშიც. ASTRA-ს ცნობით, ინციდენტი ბორისოვსკიე-პრუდის ქუჩაზე, მრავალსართულიან სახლთან მოხდა. მოსკოვში დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოსკოვის ოლქის სოფელ სოფინოში, ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, შეტევის შედეგად სასაწყობე კომპლექსიც დაზიანდა. რამენსკოეს რაიონში კი დრონის ჩამოვარდნის შედეგად 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შენობიდან 400 ადამიანის, მათ შორის 70 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.

შეტევა დაემთხვა რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ბოლო დღეს. სობიანინის მტკიცებით, დრონებით თავდასხმა არჩევნების ჩაშლის მცდელობა იყო, თუმცა „მიზანს ვერ მიაღწია“.

უკრაინას შეტევაზე და სობიანინის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.