“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”. მისი თქმით, ის ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს.
“თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას – ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებით მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი”
გუშინ, 30 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წყვეტენ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მიზეზად, დასახელებულია “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც არღვევს შეთანხმების ძირეულ პუნქტებს. ასევე, “ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ თანამდებობა დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა.
ამავე თემაზე: