“ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია” – დოდი ხარხელის თქმით, სახლი უჩა აბაშიძის საქმეზე გაჩხრიკეს

2 weeks ago 13

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი, დოდი ხარხელი აცხადებს, რომ თვეების წინ დაწყებულ გამოძიებაზე მისი სახლის ჩხრეკა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ამ საკითხზე, ონლაინ სივრცეში მის აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის საქმეზე. აბაშიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, დოდი ხარხელმა ჟურნალისტებთან საუბარში მომხდარი შეაფასა:

“ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება ერთადერთ რამესთანაა კავშირში, ნებისმიერი მიზეზი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია და რაც მიდის საერთაშორისო მედიის მიმართულებით. ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება. იგი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსი”, – ამბობს ის.

ხარხელი იხსენებს, რომ პოლიციამ იგი დილით, ბავშვის ბაღში დატოვების შემდეგ გააჩერა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა მოსთხოვა.

“ბავშვი, 3 წლის ლილი დავტოვე ბაღში და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი. როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე, ტელეფონით ლაივი ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, ხელები ძალადობრივად გადამიგრიხეს და დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოთ. საბედნიეროდ, ჩართეს ლაივი და ბაღმაც ირეაგირა. ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად, იქაც, შემდეგ რომ მოვედით აქ [სახლში], ჩხრეკის პროცესშიც”, – ჰყვება ის და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისგან იგი ამ ამბის გასაჯაროვებამ გადაარჩინა:

“ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა დაზიანებები არ მაქვს, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, ბევრი კამერის წინ. ესაა ერთადერთი დაცვა, რაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს”.

ხარხელი იხსენებს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მისი სახლიდან ყველანაირი ციფრული მოწყობილობა წაიღო.

“ახლა რა წაიღეს? ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული “ფლეშკა”, მობილურები, მათ შორის, ძველი, სამუშაო ლეპტოპები ჩემი და ჩემი მეუღლის. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, “სმარტ ჰოუმის” [ჭკვიანი სახლი] ელემენტებით და ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა. თავიდან არ განმიმარტეს [საქმე]. როგორც კი მანქანაში ჩამსვეს, მთხოვდნენ, მომეწერა ხელი ოქმზე, რომლისთვისაც არ მომიწერია. რაც ყველაზე საინტერესოა, გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა, როდესაც ეს გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა. ვიყავი კიდეც მოწმედ დაბარებული, მიცემული მაქვს ჩვენება”, – ამბობს დოდი ხარხელი.( რადიო თავისუფლება)

სრულად წაკითხვა