"ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში" - სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე გამოჩნდა

1 week ago 3

14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა. კენჭისყრაში მონაწილეობს, მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ქუჩაში კომენტარებს არ აკეთებს, ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის.

"ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, რომელზეც 14 დეკემბერს გამოჩნდა.

"სალომე! სალომე!" - სკანდირებდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან, ისინი აპროტესტებდნენ მიმდინარე პროცესს. დემონსტრანტების ნაწილმა თავის დიპლომები მიიტანა ადგილზე, აქციას სიმბოლურად ერქვა "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს", "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს რომელიც ვეტერანი ფეხბურთელია და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, არ აქვს უმაღლესი განათლება.

პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტო, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონეა" გამოცხადებული. პროცესის გაშუქების შესაძლებლობა აქვს სპეციალურად ამ დღისთვის აკრედიტებულ ტელე და ონლაინმედიას.

პარალელურად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, დილით 7 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბა და მსვლელობით მივიდა პარლამენტის შენობასთან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობენ.

ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

  • საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
  • პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს, პროცესს ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დელეგატებს პროცედურა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა მიმდინარეობს ანბანური თანმიმდევრობით. დაგეგმილია, რომ კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.

მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა