„მგონია, რომ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირი, მონური მენტალიტეტი კვდება და ლაღი ადამიანების სული იმარჯვებს” – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ხელოვანის შეფასებით, დღესდღეობით ახალი საქართველო იბადება, რომელიც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ნათელი სიმბოლოებით გაიმარჯვებს.
„შეგრძნება მაქვს, რომ თბილისი პირდაპირ ბორგავს, თან ცოცხალია, თან ბორგავს. ყოველ წუთს რაღაცას ელოდები. მე პირადად ასე ვარ. ხან სასოწარკვეთას მივეცემი, მერე ისევ იმედი ჩამესახება.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილის სიმბოლო, გოგონა დროშით. ახალგაზრდა ქალი მშვენიერი სიმბოლო იყო.
ახლა არის ბნელი სიმბოლოები. ერთია ეს წაქცეული ასფალტზე დაგდებული ბიჭი, რომელსაც ერთი ურტყამს თავში ფეხს და მერე მორე კიდე უფრო მეტად გამეტებით. ეს მართლა შემზარავი სიმბოლოა და მეორე, ასეთივე შემზარავია ეს შავნიღბიანი რაღაც არსებები, სადღაც მიმალულები ჯგუფურად, რომ დასდევენ ხალხს. ერთ ადამიანს, ერთ გოგოს, ერთ ბიჭს, იმისთვის რომ ურტყან. მაგრამ მგონია, რომ ამ ბრძოლაში ნათელი სიმბოლოები გაიმარჯვებს”, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.