“ამ კვირაში ორჯერ გამიტეხეს მანქანა, ბავშვს ტელეფონი ააცალეს სკვერში, მანქანის სარკე მომპარეს“, – მსგავსი ამბების შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეები თითქმის ყოველდღე წერენ. ისინი ამბობენ, რომ გახშირებული წვრილმანი ქურდობებისა და კრიმინალური შემთხვევები დაუცველობის განცდას უჩენთ და სამართალდამცავ ორგანოებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
“თითქმის ყველა უბანში ასეა – ყოველ ღამე ქურდობა ხდება … ჩივილს აზრი არ აქვს. დაგსვამენ 2 საათი პოლიციაში და უნდა ელოდო… რა ხდება ხალხო? ხალხისთვის არის ვინმე საერთოდ? გვაწუხებს კრიმინალი, ამოიღეთ ხმა. ყოველ ღამე მანქანის გატეხვა რომელი წელია?“, – წერს მოქალაქე, რომელსაც მისი თქმით, ხაშურში, შინდარას დასახლებაში ავტომობილიდან ნივთები მოპარეს.
მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები ასეთ ფაქტზებზე არასათანადოდ რეაგირებენ და ამით კრიმინალს ახალისებენ.
“ერთ თვეში 5 მაღაზია გაქურდეს და ეგ ვერ გაიგეს, ვინ იყო“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.
ყოფილა შემთხვევაც, როცა ერთ ღამეში ქალაქში სამი მაღაზია გაქურდეს – ერთი ასეთი შემთხვევა ორი თვის წინ “მოზაიკამ” გააშუქა. მსგავსი ფაქტების გასაჯაროების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციიდან ხშირად ვიგებთ, რომ დანაშაულში არასრულწლოვნები ამხილებს. ასე მოხდა ხაშურის შემთხვევაშიც, როცა 3 არასწრულოვანი ამხილეს სახლების გატეხვაში.
“3 არასრულწლოვანი ტეხავდა სახლებსა და დაკავებულები არიან. სამწუხაროდ, ახსნა – განმარტება დააწერინეს და გაუშვეს. კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას გაასამართლონ“, – გვითხრა ხაშურში მცოხვრებმა, ზაზა მეხრიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვლი ამბობს, რომ პოლიციის ყურადღება ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეა მიმართული და ის საკითხები, რაც რეალურად აწუხებთ ადამიანებს, სამარტამდაცველებისთვის პრიორიტეტული აღარ არის.
“კანონების გამკაცრება პრობლემას ვერ აგვარებს, გარდა ამისა პოლიცია ძირითადად პროტესტზეა გადართული და ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები. ამას ემატება ისიც, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნაბიჯები ფრაგმენტულია და არ ხდება საკითხის სისტემურად მოწესრიგება“, – ამბობს იურისტი.
ლექსო მერებაშვილის თქმით, უყურადღებოდ მიტოვებული კრიმინალი დაუსჯელობის განცდას ამძაფრებს, რაც საბოლოოდ კრიმინოგენურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.