დემონსტრანტები დედაქალაქში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მოაწყვეს მსვლელობა.
რა მოხდა „გავრილოვის ღამეს“
2019 წლის 19 ივნისს საქართველოში უნდა გამართულიყო მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა. სხდომა, რომელსაც რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვბი თავმჯდომარეობდა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უნდა გამართულიყო.
იმ დილით გავრილოვმა პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავა. ამას პროტესტი მოჰყვა ჯერ პარლამენტის შიგნით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, იმ საღამოს კი ხალხმრავალი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინაც.
გვიან საღამოს, იმ მოტივით რომ აქცია ძალადობრივი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი აირით. ორმა დემონსტრანტმა (მაკო გომური და გიორგი სულაშვილი) თვალი დაკარგეს. მხედველება დაკარგა ან მნიშვნელოვნად დაუზიადა სხვა, რამდენიმე დემონსტრანტსაც.
პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა იმ ჟურნალისტებსაც, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციის დაშლას აშუქებდა.
მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა, 20-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმსაც მიაჩნდათ, რომ სახელმწიფომ მათი უფლებები დაირღვა, სტრასბურგის სასამართლოში იჩივლეს. საქართველოს სახელმწიფოს მათთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა.
გამოძიება თითქმის, 5 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განახლდა. ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ახლა ოპოზიციონერი ლიდერია. თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერები გახარიას პრემიერად დაწინაურების შემდეგ მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მას „თვალთხარიად“ მოიხსენიებენ.
გახარიას გარდა პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.
ელენე ხოშტარია - 18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო
17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.
„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.
„შაბათის მარშის“ შესახებ
ყოველკვირეული მსვლელობა, რომელიც ყოველ შაბათს იმართება 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტის გაგრძელებაა, რომელმაც ფორმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვით თავისუფლების შემზღუდველი კანონების შემდეგ იცვალა.
1,5 წლის წინ ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, თქვა, რომ ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს. ხალხმრავალი პროტესტი სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა - შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრაციების დასაშლელად იყენებდა სპეციალურ საშუალებებს. პოლიციამ, კამერების წინ, იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და დემონსტრანტზე. ძალადობის ბრალდებით მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ მათი იდენტიფიცირება შეძლო.
აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.

3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·