შავი ზღვის სანაპიროზე მაზუთით დაბინძურება აღმოაჩინეს რუსული ტანკერების ჩაძირვის შემდეგ

4 days ago 7

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ მონიტორინგის დროს შავი ზღვის სანაპიროზე მაზუთი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ნავთობპროდუქტები ნაპირზე ათეული კილომეტრის მანძილზე გამოირიყა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვესელოვკიდან ანაპის სოფელ ბლაგოვეშჩენსკაიამდე. ორ მუნიციპალიტეტში ოპერატიული შტაბები ამუშავდა. ადგილზე იმყოფება ოპერატიული სამსახურების 267 თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისეები ეხმარებიან. ტემრიუკისა და ანაპის რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერი“ წერს, რომ სოფელ ვოლნაში, ქერჩის სრუტის სანაპიროზე, მაზუთით დასვრილი რამდენიმე ჩიტი აღმოაჩინეს. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თქვა, რომ ჩვამები ნაპირზე გამოირიყნენ და ისინი დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ აფრენას.

რუსეთის ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ 15 დეკემბერს ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

Greenpeace Research Laboratories-ის ხელმძღვანელმა „მედუზას“ განუცხადა, რომ უბედური შემთხვევა შეიძლება გახდეს ადამიანის მიზეზით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა შავ ზღვაში და ამჟამინდელ პირობებში საწვავის დაღვრის ლოკალიზება ძალიან რთული იქნება.

„მაზუთი მძიმე ნივთიერებაა, რომელიც მყისიერად ილექება ფსკერზე. ქერჩის სრუტეში და აზოვის ზღვაში წყალი არ არის ღრმა, შვიდიდან რვა მეტრამდეა ყველაზე ღრმა ადგილებში. როდესაც მაზუთი ფსკერს აღწევს, ის ფაქტობრივად ბლოკავს პლანქტონისთვის, წყალმცენარეებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ყველაფერი დალპება და დაიღუპება,“ განუმარტა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ სამხედრო ექსპერტმა, უკრაინის საზღვაო ძალების 1-ლი რანგის კაპიტანმა ანდრი რიჟენკომ.

ადრე რუსეთის მიერ უკრაინისთვის წართმეული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა: „დღემდე ყირიმის სანაპირო ზოლის დაბინძურება არ არის გამოვლენილი, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაჟონვის შედეგების აღმოსაფხვრელად“.

სრულად წაკითხვა