‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ჩელენჯ თასის მეორე შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გასულ კვირას ტოპ 14-ის ‘ვანთან’ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (22:19) შემდეგ, 23-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.
შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, რომელიც პირველ მატჩში მარქაფაში იყო. მის შემცვლელად თადარიგში თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა. სხვა მხრივ შერკინების შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი; მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ. კვაჭის გარდა უცვლელია შერკინების მარქაფაც - დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე.
როტაციის პრინციპით, ორი ცვლილებაა ხაზშიც, სადაც მარქაფიდან ცენტრი დემურ თაფლაძე და ფრთა ამირან შვანგირაძე დაწინაურდნენ, იოანე მეტრეველმა და ალექსანდრე თოდუამ კი თადარიგში გადაინაცვლეს. თაფლაძე თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება, მეორე ფრთა ლელოების მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ფულბეკად ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ, ღერძზე კი თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას წყვილს ვიხილავთ. მეტრეველისა და თოდუას გარდა ხაზის მარქაფაშია დავით ხუროშვილი.
შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში, ‘შავმა ლომმა’ პირველი გამარჯვება სწორედ ‘სქარლეთსთან’ მოიპოვა (23:7). იმ შემადგენლობიდან Parc y Scarlets-ის მოედანზე 11 მოთამაშე წელსაც გავა. ესენი არიან: ლუკა ცირეკიძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა მატკავა, თენგიზ პერანიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე და დემურ ეფრემიძე.
ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ‘სქარლეთსი’ საფრანგეთში ‘ბაიონას’ შეხვდა და 16:17 დამარცხდა.
RUGBY.GE