შალვა პაპუაშვილი უნგრეთს სტუმრობს

8 hours ago 2

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 მაისს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც 12 მაისს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე

კონფერენციაზე გამოსვლისას, პაპუაშვილმა რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა გამოხატა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლევა, ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ტრადიციებისა და დემოკრატიული თვითმმართველობის ხარჯზე.

„დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ევროკავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ ასახავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტს“.

მართალია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროპული გზის ერთგული რჩება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და წარმოადგენს მის ნებას, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი დირექტივების ენაზე გვესაუბრება და ვალდებულებებს გვაკისრებენ უფლებების მინიჭების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“.

პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მოთხოვნები სასამართლო რეფორმის შესახებ, მათ შორის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვა, და ამას ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. „ეს სისტემა, მიღების შემთხვევაში, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, სადაც ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს… მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო დაუშვებდა ასეთ ჩარევას მათ სუვერენიტეტში“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას, და არა თავსმოხვევას“ და რომ „პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება”.  

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა