"შევისწავლით და გვექნება რეაგირება" - ომბუდსმენი დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკისას არასრულწლოვანი შვილის ყოფნაზე

2 weeks ago 8

სახალხო დამცველის შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია პოლიციის მხრიდან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. ამით, ომბუდსმენის აპარატი ეხმიანება დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკაზე, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილიც იყო.

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატი შეისწავლის ამ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო, ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, თუკი ეს შეუძლებელია, ჩართოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

"არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

3 დეკემბერს აქტივისტის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, დოდი ხარხელის ბინაში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

ჩხრეკის პროცესში სახლთან მისი ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ. მათი თქმით, დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა, პოლიციის ავტომობილში ჩასვა და სახლი წაიყვანა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა. ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი იყო.

ჩხრეკის პროცესში არასრულწლოვანთან შეშვებას ითხოვდა ბავშვის ბიძა, თუმცა პოლიცია მას ამის საშუალებას არ აძლევდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, დოდი ხარხელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თვეების წინ დაწყებულ გამოძიებაზე მისი სახლის ჩხრეკა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ამ საკითხზე, ონლაინ სივრცეში მის აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის საქმეზე. აბაშიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.

ხარხელი იხსენებს, რომ პოლიციამ იგი დილით, ბავშვის ბაღში დატოვების შემდეგ გააჩერა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა მოსთხოვა.

"ბავშვი, 3 წლის ლილი დავტოვე ბაღში და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი. როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე, ტელეფონით ლაივი ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, ხელები ძალადობრივად გადამიგრიხეს და დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოთ. საბედნიეროდ, ჩართეს ლაივი და ბაღმაც ირეაგირა. ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად, იქაც, შემდეგ რომ მოვედით აქ [სახლში], ჩხრეკის პროცესშიც", - ჰყვება ის და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისგან იგი ამ ამბის გასაჯაროვებამ გადაარჩინა.

ხარხელი იხსენებს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მისი სახლიდან ყველანაირი ციფრული მოწყობილობა წაიღო.

"ახლა რა წაიღეს? ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული "ფლეშკა", მობილურები, მათ შორის, ძველი, სამუშაო ლეპტოპები ჩემი და ჩემი მეუღლის. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, "სმარტ ჰოუმის" [ჭკვიანი სახლი] ელემენტებით და ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა. თავიდან არ განმიმარტეს [საქმე]. როგორც კი მანქანაში ჩამსვეს, მთხოვდნენ, მომეწერა ხელი ოქმზე, რომლისთვისაც არ მომიწერია. რაც ყველაზე საინტერესოა, გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა, როდესაც ეს გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა. ვიყავი კიდეც მოწმედ დაბარებული, მიცემული მაქვს ჩვენება", - ამბობს დოდი ხარხელი.

დოდი ხარხელი ღიად გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

სრულად წაკითხვა