,, შეიძლება ითქვას, რომ ქ/ოცნებამ, ბოლო წლებში, ევროსკეპტიციზმის გაღვივების მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია” – იაგო კაჭკაჭიშვილი

1 day ago 4

1

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ,,გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევაზე:

,,დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევრობარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).

მე არ ვიცი, რომელმა ქართულმა კომპანიამ ჩაატარა საველე სამუშაოები (მოგეხსენებათ, არც ერთი საერთაშორისო კომპანია საველე სამუშაოებს თავად არ ატარებს, არამედ ქირაობს ადგილობრივ ორგანიზაციებს).

ზემოაღნიშნული გამოკითხვა ჩატარებულა 2025 წლის მარტ-აპრილში, 1011 რესპონდენტზე, საქართველოს მასშტაბით.

თითქმის ამავე პერიოდში, ჩვენმა ორგანიზაციამ (ISSA) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს გზით, 1100 რესპონდენტზე.

ჩვენი გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ა) გამოკვეთილი უმრავლესობა (74.2%) ფიქრობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში სარგებლის მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის.

ბ) ასევე, 77.3%-ის აზრით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობით ბევრ უპირატესობას მოიპოვებს.

გ) 80.3% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

დ) 60%-მდე აღნიშნავს, რომ ევროკავშირს მათ თვალში ძალზე დადებითი ან საკმაოდ დადებითი იმიჯი აქვს.

ე) აგრეთვე, 65.8%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვა.

და ა.შ.

როგორც ვხედავთ, წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევრობარომეტრის კვლევის შედეგებისგან, ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულების სასარგებლოდ.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობები გარკვეულწილად შესუსტებულია, ვთქვათ, 3 წლის წინანდელთან შედარებით. მაგალითად, ყოველი მეოთხე გამოკითხული არ იზიარებს იმას, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვა, ხოლო თითქმის ყოველი მესამე ამბობს, რომ ევროკავშირს მათ თვალში ნეიტრალური იმიჯი აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ ქ/ოცნებამ, ბოლო წლებში, ევროსკეპტიციზმის გაღვივების მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ განწყობებსა და დამოკიდებულებებში ჯერ კიდევ არ გვაქვს მნიშვნელოვანი ნაპრალი – მეინსტრიმული ხაზი კვლავ ევროკავშირის სიკეთეებს და ევროინტეგრაციას უკავშირდება.

პ.ს. ახლა მომწერეს, რომ ევრობარომეტრის გამოკითხვის ველი “GORBI”-ს ჩაუტარებია. თუ ეს მართალია, მაშინ ყველაფერი გასაგებია”

ევრობარომეტრის კვლევა, რომლითაც EU-ს მიმართ ნდობა შემცირებულია, GORBI-მ ჩაატარა

სრულად წაკითხვა