შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა – ადვოკატი თქმით, ის თურქეთშია სამკურნალოდ

12 hours ago 6

214

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის წარედგინა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთში, სამკურნალოდ იმყოფება.

“მას შეგნებულად არ დაუტოვებია საქართველოს რესპუბლიკა. არ ყოფილა ის არცერთ ეტაპზე დაკითხული, არც ეჭვმიტანილი არც ბრალდებული. მან არ იცოდა, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. თავისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საქართველოს საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. სანამ მის ძმას დააკავებდნენ, მანამდე დატოვა საქართველო. არანაირი პირდაპირ ბრალდება მის წინააღმდეგ არ არსებობს და არც მტკიცებულებები. არსებობს მხოლოდ ერთადერთი მოწმის არაპირდაპირი ჩვენება (გოგიჩაიშვილზეა საუბარი), რომელიც ამბობს, რომ არანაირი ფული არანაირი რაიმე არ მოუთხოვია.”თუ რაიმე აკრძალული ნივთიერება შემოდიოდა, ეს მისთვის არის უცნობი”, – ამბობს ხუნდაძის ადვოკატი “ტვ პირველთან”.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე, რომელიც ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ის პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებულ პირად წარადგინა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

სრულად წაკითხვა