საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში თბილისი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზად უწყება „შესაბამის დონეზე“ მოწვევის მიუღებლობას ასახელებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მზადაა ევროკავშირთან „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.
ევროკავშირის ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში იმართება, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრები იკრიბებიან. საქართველო არც გასულ წელს, ლუქსემბურგში გამართულ ანალოგიურ შეხვედრას დასწრებია. მაშინაც საგარეო უწყებამ დასწრებაზე უარის მიზეზად „დაბალი დონის“ წარმომადგენლის მიწვევა დაასახელა.
„16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც „პუბლიკამ“ ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი შეხვედრას დაესწრებოდა. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ საქართველომ შეხვედრაზე კვლავ „დაბალი დონის“ მოწვევა მიიღო.
„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, – დასძინა სამინისტრომ.
კოსი: ჩვენ ვიწვევთ, თუმცა არა უმაღლეს დონეზე
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ ბრიუსელმა საქართველოს წარმომადგენლები არაერთხელ მიიწვია, თუმცა არა უმაღლეს დონეზე.
„ჩვენ უკვე ორჯერ თუ სამჯერ მივიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ჩვენს ღონისძიებებზე, მაგრამ ისინი არასდროს მოსულან“, – განაცხადა კოსმა. „ჩვენ ვცდილობთ ჩართულობას, ვიწვევთ მათ, თუმცა ისინი არ მოდიან. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე“.
„ჩვენ თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით; გვსურდა დიალოგი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ იანვარში დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭო […] გარკვეულ წინსვლას მოიტანს“, – განაცხადა კოსმა.
ამასთან, Euroscope-ის კითხვის საპასუხოდ, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს, საქართველო „გამოირიცხოს იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობებიდან, რომლებსაც ვაწარმოებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში“. თუმცა, კოსმა დასძინა, რომ ამ მიმართულებითაც „არსებობს გარკვეული პირობები“.
„ჩვენ მათ კვლავ და კვლავ მივიწვევთ“, – განაცხადა მან. „მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა აუცილებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“.
კობახიძე „ღირსეულ მიწვევას“ ელოდება
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა საქართველოსთვის გაგზავნილი მიწვევის ფორმატი და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება „ღირსეული მიწვევის“ თაობაზე.
„ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება“.
ევროკავშირის გაფართოების ფორუმიდან საქართველოს გამორიცხვასთან დაკავშირებით, კობახიძემ ევროპელი მაღალჩინოსნები ევროპის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა: „ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები