WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ლექსები · შესხმა უდაბნოს · წუთისოფლის ამაოების შესახებ

უდაბნოებავ, ჩემო ტკბილო, დედავ მწირობის,

სირთულეთა დროს მეგობარო, შინშო* ჭირისას,

*დეიდაშვილო

თავშეკავების წინამბრძოლო და დუმილისაც,

გლოვა-წუხილის ნათესავო, დავ ცრემლებისა,

მასწავლებელო ლოცვისაო, მშვიდობის მეტრფევ,

დედავ მშობელო სიმშვიდის და სულგრძელებისა!

შენით მხურვალედ მოშურნეობთ, თავს ვაიძულებთ,

შენი წყალობით ჭირში ვიწრთობთ ნიჭს სიმდაბლისას.

შენ წინ მიგვიძღვი ქრისტესაკენ და ვნებებს არღვევ,

მადლის თანმკვიდრო, ჩვენო ლოცვის მომპოვებელო,

ტკბილო საკვებო გონებისა, თან განმწმედელო,

შემწეო ჭვრეტის და საუნჯევ საღმრთო ცოდნისა.

საღვთო განსწავლის მეგობარო და მადლის სხივო,

სულის სიმთ ჟღერის შეგრძნებაო, გულის განმწმედო;

მათ, ვინც არიან წმინდა გულის, ქრისტე ნეტარს ხდის,

უდაბნოების ჟამს ჰპირდება, ღმერთი იხილონ.

და აღენთება სანატრელი ტრფიალი მამის,

მისი ძისა და ყოვლადწმინდა სულისა მიმართ,

განკვირვებაო გონებისა, ტრფობავ უფსკერო,

იჩქითო ქროლვავ ნიავისა, წინგაძღოლილო!

მიპყარ, საზრდო მეც, დამარიგე, ვიდრე მოვიხსნი

დაბინძურებულ სხეულს ჩემსას და შენთან მოვალ;

დაუოკებლად შენ გხედავდე, ვმზერდე შენს სახეს,

ტკბილო იესო, ძეო, მამას და სულთან ერთად.

გამხადე შენი ღვთაებრივი სიტყვების ღირსი,

მომასმენინე, რისი სმენაც მოკვდავს ეძნელვის,

მე კი დავნაყრდე სიხარულით უოხჭანოთი

და უსაზომო სიყვარულით უცვალებელით.

მსურს განუწყვეტლივ შემოგიძღვნა მადლის ჰიმნები,

პატივ-დიდება, თაყვანცემა მსახურებისა,

ვედრებით ჩვენი ღვთისმშობელის, ყოვლადწმიდისა,

ყოვლთა ცხოვნების – უტკბილესი მარიამისა.

ამინ.

4.

წუთისოფლის ამაოების შესახებ

წუთისოფელი ამაოა, თვალნათლივ ვხედავთ,

ეკლესიასტე გვხადის: ყოვლი ამაოაო

ამაოებათ, სამგზის ყოვლი ამაოაო,

ყველანი ვისმენთ, განუწყვეტლივ ვიკვლევთ მრავალნი,

მზაკვარი მტრისგან შეცდენილნი მაინც არ ვიხევთ.

თვალი აგვიბა მატერიით, ხილული ნივთით,

და ამიტომაც ვეღარ ვხედავთ ბოლოს, შესაზარს,

გონიერება დაგვინისლა თალხით შემოსა,

ვემონვით ვნებას, სულის მლახავს, სულის წამბილწავს.

მართლა მაკვირვებს, ძმავ ერთსულო, ნაცნობო ჩემო,

ახლობელო და შორებელო, შენც, მონაზონო,

როდესაც ვხედავ, თუ რა ვნებით, რა შემართებით

მატერიალურს დამონვიხარ უშეღავათოდ.

ოფლში გაღვრილი, არც იძინებ, იმას მიელტვი,

რომ შეაგროვო ბევრი ნივთი, გარს შემოიწყო;

ნაშრომ-ნაჯაფი წაგიხდება, ჟანგ-მტვრად იქცევა,

რომ ყოველივე ამაოა, ძმავ, რად არ ფიქრობ…

ლანძღავ და გლანძღვენ, ებრძვი, ავობ, რისხვას ვერ თოკავ,

სხვას განაქიქებ, ქიშპობ, თითქოს უკვდავი იყო,

გამოიღვიძე, თვალი ირგვლივ მიმოატარე,

მიწას დახედე, შენი ბოლოც მიწაა თვითონ.

თავს ინადგურებ, იღუპები, სულს იზიანებ,

მოგეახლება სიკვდილი და მწარედ იკვნესებ,

უფლის წინაშე წარსდგე უნდა, რას უპასუხებ?

ვისაც ებრძოლე, მათი ცდომის ბრალს კისრად იდებ,

რადგან შენ იყავ მათი შფოთვა-დრტვინვის მიზეზი,

რომ სული ვნებათ მწარე მორევს აყურყუმალეს,

და რაღას გარგებს გულითადი მარხვა ლოცვები,

ან მუხლისდრეკა, პირჯვრისწერა, ღამისთევები?

სხვა საქმეები ღვთივსათნონი რაში გარგია,

თუკი გათელავ სათნოებათ დედას – სიყვარულს,

„ებან-წინწილად გაჩენილხარ“, მხოლოდ ხმიანობ,

სიყვარულისგან გაძარცვული – ჰკითხე მოციქულთ!

ბევრმა მრავალჯერ გასცა დიდნი მოწყალებანი,

ზოგმა, რაც ჰქონდა, ყველაფერი უპოვართ მისცა,

არ კი იზრუნეს, რომ ვნებები ჩამოერეცხათ

და აერჩიათ მაცხოვრის გზა სიყვარულისა.

მათ დაივიწყეს, რომ საწუთრო ამაო არის,

ვაი რომ, ზოგჯერ ნემსისათვის ერთმანეთს გმობენ,

საღმრთო საქმისთვის რაც უარყვეს, რაც მიატოვეს,

ორი იმდენი დაიტეხეს მომხვეჭელობით.

ფუ შენ, ეშმაკო, მზაკვრობისთვის, ბოროტებისთვის!

შენც ფუ, უგნურო კაცო, ნივთებს რომ შემსჭვალვიხარ!

რასაც იუნჯებ და აგროვებ, ნივთებს გორად დგამ,

მალე ხომ წახვალ და ვერაფერს ვერ გაიყოლებ…

სხვები შეჭამენ, მიმოყრიან ან დაკარგავენ,

შენ ღმერთი განგსჯის ურწმუნოთა კრებულთან ერთად.

დაცხრი შენივე თავის უღვთო გამეტებისგან,

ნაქნარ-საქმნელი ყველა შენი, განსაჯე საღად!

სანამ სიკვდილი მოგიხილავს, კარგის ქმნა სცადე,

სხვას კი ნუ უცდი, შენ მაგივრად იმან იღვაწოს,

თავად შეუდექ მსახურებას, და ლოცვად დადექ,

თავს ნუ იტყუებ, სხვა ლოცულობს ჩემს სახსნელადო.

არავინ იცის, სხვა თუ იღვწის შენს საკეთილოდ,

შენ კი, უგნური, სხვას მინდვიხარ, როგორც სულელი.

საზვერეებს ხომ შენ გაივლი ღვთის სამსჯავროზე,

თუ არ ილოცე, ვერ დაგიხსნის სხვათა ლოცვები!

მძიმეა ჟამი, საშინელი, როცა სული კრთის,

კანკალებს, შიშობს, ადგილს ეძებს, რომ დაიმალოს,

შენ კი გგონია, შეგეწევა სხვათა საქმენი,

როდესაც შიშვლად წარუდგები უფალს სამსჯავროდ.

ვაგლახ ამაო გარჯას შენსას, ტვინმოკლეობას,

სხვათა სიკეთის მოიმედე გულუბრყვილობას!

რატომ, ძვირფასო, რატომ ახლავ არ მოისურვებ,

სული მიუძღვნა ქრისტეს, რათა იმედით იყო?

ხომ ამაოა ყოველივე ამაოებათ,

შიშველი განვალს საწუთროდან კაცობრიობა.

ექსორიაა სააქაო, წუთისოფელი,

გადმოგვასახლეს პირველმშობელთ ცოდვის მიზეზით,

სასჯელსახდელად მიწიერნი მცირე ხანს აქ ვართ,

მალევ ჭეშმარიტ ცხოვრებაში მივიცვალებით.

უცხოობაში მყოფს, მითხარი, სხვა რა შეფჰერის,

თუ არ ტირილი მომავალის არდასაკარგად?

რა საჭიროა ამა ქვეყნის საზრუნავები,

სიმდიდრეები, მათი შოვნის ჯაფა-წყვეტება?

ყოველივე ხომ ამაოა და კვლავ ამაო!

ვინც ეს არჩია, ო, იტირებს იმ დღეს რაოდენს –

ვაიმე იმ დროს, როცა სული ხორცს გაეყრება,

ცრემლების ღვარად დაიცლება, ვაიმე იმ დროს!

როცა არ იცი, საით მიხვალ, ან რა მოგელის,

აქ კი ჩაფლულხარ, დროს გართმევენ საზრუნავები,

ნუ გავიწყდება, მალე მოვა დრო განშორების,

არ გსურს შეიცნო, რომ მიწა ხარ და მიწად წახვალ,

მაშინ, როდესაც მთლად სამყარო შეიქმნა შენთვის!

თუკი წარწყმდები, ყველაფერი დაიკარგება,

შენს საცხოვნებლად ქრისტემ თავი რომ გაიმეტა,

შენ ის მოგეგო, რაც თავადვე დაიმსახურე,

მაგრამ ქრისტე წუხს, ეშმაკის რომ გეჩვენა მეტად.

ჯვარს ეცვა იგი, ცოდვისგან რომ გამოეხსენი,

შენ სიყვარული მისი ასე უგულებელყავ,

ცნობას მოეგე, საყვარელო, ცრემლები ღვარე,

ხომ იცი, მტერი უწყალოა, ის ყველას ლახვრავს.

ცოცხალი ხარ და გატყუებს, რომ წინ დიდი დრო გაქვს,

სხვადასხვა საბაბს ზრუნვებისას ხაფანგად გიგებს,

რომ არ ილოცო, სინანულს და ტირილს გავიწყებს,

უფალს არ გაჰყვე, არ განერე ბოროტის ხრიკებს;

რათა შენდამი მეგობრობით ქრისტეს ექადოს,

რომ ჯოჯოხეთში მასთან ბევრი ქრისტიანია,

ედავოს უფალს, ექადნოდეს, რომ იმათ შორის

რჯულის დამრღვევი უამრავი მონაზონია.

თავს გაიმართლებს, აქაოდა, მარტო არ ვარო,

ღვთის წინააღმდეგ მომართული და მეამბოხე –

და ვაი, იმ ჟამს მათდა მიმართ უფლისგან თქმული:

„ყოვლნო წყეულნო, განმერიდეთ, განმეშორენით,

ცეცხლს საუკუნოს წარემართეთ ეშმაკთან ერთად!

ჰოი, უგნურნო, უარმყავით ღმერთი ყოველთა?!“

გთხოვ, აგვარიდე ამ სიტყვების მოსმენა, ღმერთო,

დაე, ნუ მოხდეს! ასეთი რამ ჩვენ არ ვიხილოთ!

ნუ მოგვაკლდები, განგვანათლე, რომ ყოველივე

მივატოვოთ და შენ გვიყვარდე სამარადისოდ.

ამინ.

5.