რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ქვეყნის ევროპული კურსი გააუქმა.
მისი თქმით, პოლიცია დღეს ასრულებს სადამსჯელო რაზმის ფუნქციას რომელიც დაუფარავად ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე.
დეა კულუმბეგაშვილის განცხადებას მსახიობი კახა კინწურაშვილი ავრცელებს, ვინაიდან მისი ცნობით, რეჟისორის სოციალური ქსელი „დაჰაკეს“.
„ქართველი ხალხი უშიშრად და თავგანწირვით იცავს კონსტიტუციას, რომელსაც არღვევს თვითგამოცხადებული, დე ფაქტო მთავრობა. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით „გააუქმეს“ ქვეყნის ევროპული კურსი. შეუძლებელია გიყვარდეს საქართველო და იყო ნეიტრალური, ან უფრო უარესი – იცავდე თვითმარქვია მთავრობის „პოზიციას“, ამართლებდე მოქალაქეების დასჯას და ძალადობას პოლიციის მხრიდან. არანაირი „მაგრამ“, „იქნებ“ და სხვა ვარაუდები არ გამოდგება. პოლიცია დღეს ასრულებს სადამსჯელო რაზმის ფუნქციას რომელიც დაუფარავად ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე“, – აცხადებს დეა კულუმბეგაშვილი.