შეუძლია, თუ არა, ადამიანს კუჭის გარეშე ცხოვრება? – პრევენცია და მკურნალობის გზები – რას უყვება “ალიას” ნოდარ ჩხიკვაძე

2 weeks ago 8

1

კუჭის კიბო – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, საკმაოდ ვერაგიც. სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში, ონკოდაავადებებში მესამე ადგილზეა. თუმცა, მისი განკურნება ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია.

ვინ არიან რისკ–ჯგუფში, როგორია პრევენციის გზები და მკურნალობის რა მეთოდები
არსებობს? – ალიას ესაუბრება ნოდარ ჩხიკვაძე, ქირურგი, ონკოლოგი, ლაპარასკოპისტი,
მრავალწლიანი გამოცდილებით საქართველოს წამყვან კლინიკებში, წამყვან  ექიმებთან ერთად.

– რა არის კუჭის კიბო და როგორ ვითარდება იგი? რა სტადიებს გადის?

– კუჭის კიბო არის კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იზრდება კუჭის ლორწოვან გარსში. სიმსივნური წარმონაქმნი, შესაძლოა, განვითარდეს კუჭის ნებისმიერ მონაკვეთზე. კუჭის სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის ცოდნას აქვს დიდი მნიშვნელობა – ეს სწორი მკურნალობის შერჩევისა და ქირურგიული დაგეგმარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

– როგორია კუჭის კიბოს გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში?

– ყოველწლიურად კუჭის კიბოთი მსოფლიოში ავადდადება ერთ მილიონამდე ადამიანი, მამაკაცები ქალბატონებთან შედარებით ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად. აღნიშნულ კიბოს მამაკაცებში დაავადების სტატისტიკით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო ქალბატონებში მეექვსე ადგილზეა. ყველა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, კუჭის კიბო სიკვდილობით მესამე ადგილზეა.

– როგორია კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომები და ნიშნები?

– როგორც წესი, კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს, რაც ართულებს მის გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. დაავადების პროგრესირებას თან სდევს შემდეგი სიმპტომების განვითარება: სიმძიმის, დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება კუჭის საპროექციო მიდამოში, მადის დაკარგვა, წონაში კლება, ყლაპვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ზოგადი სისუსტე. კუჭის კიბოს გავრცელებული ფონის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს შემდგომი სიმპტომები, როგორიცაა, ღებინება სისხლიანი მინარევით, მელენა, სიყვითლე, პერიტონიულის ღრუში სითხის ჩადგომა, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებებითაც და არამხოლოდ კუჭის კიბოთი. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აქვს აღნიშნული სიმპომები, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თუ ეს კუჭის კიბოა დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობა იქნება ნაკლებად ეფექტიანი.

– რას მოიცავს კუჭის კიბოს სკრინინგი და რა შემთხვევაშია იგი საჭირო?

– კუჭის კიბოს სკრინინგი მოიცავს ენდოსკოპიურ გამოკვლევას, ამ დროს ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება საყლაპავი მილის და თორმეტგოჯა ნაწლავის ვიზუალური დათვალიერება. საეჭვო უბნიდან ბიოფსიური მასალის აღება და შემდგომში მისი მორფოლოგიური შესწავლა. სკრინინგული გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, ვისაც აქვს კუჭის კიბოს განვითარების რისკფაქტორები და კიბოსწინარე მდგომარეობები.

– რა ფაქტორები უწყობს ხელს კუჭის კიბოს განვითარებას? არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკურად მემკვიდრეობითი?

– კუჭის კიბოს აქვს მულტიფოკალური ეტიომიოლოგია და რა თქმა უნდა, მისი ერთ–ერი გამომწვევი ფაქტორი გენეტიკურ–მემკვიდრეობითია. დაავადებულთა დაახლოებით 10%-ში სწორედ ამ ტიპის კუჭის კიბო გვხვდება. ადამიანები, რომლებთანაც ოჯახურ ხაზში ფიქსირდება კუჭის კიბოს ანამნეზი, უნდა იყვნენ ყურადღებით ამ დაავადების მიმართ. ასევე, უნდა იყვნენ ყურადღებით ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰელიკობაქტერპილორით ინფიცირება, ქრონიკული აროფიული გასტრიტი და ნაწლავური მეტაპლაზმა. არაჯანსაღი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესი წარმოადგენს კუჭის კიბოს განვითარების რიკს–ფაქტორებს. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონი, მივიღოთ ხილი და ბოსტნეული, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ხილის და ბოსტნეულის მოხმარებას აქვს დამცავი ეფექტი კუჭის კიბოს განვითარების საწინააღმდეგოდ. ასევე, სასურველია შევინარჩუნოთ ნორმალური წონის ინდექსი და დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით. არაჯანსაღი კვების გარდა, რისკ ჯგუფში არიან ასევე ადამიანები, რომლებიც ხშირად იყოფებიან დიეტაზე, მოიხმარენ თამბაქოს, მძიმე ალკოჰოლს და ალკოჰოლს ჭარბად, რისკ ფაქტორებს წარმოადგენს კუჭზე ჩატარებული ოპერაცია ნებისმიერი სხვა პათოლოგიის გამო. საყურადღებო ფაქტორია ასაკი და სქესი, რადგან კუჭის კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან, 50–დან 70–წლამდე ასაკის ადამიანები, კაცები უფრო ხშირად.

– როგორ და რა მეთოდებით ხდება კუჭის კიბოს მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში?

– ნიუ ჰოსპიტალსში კუჭის კიბოს მკურნალობის სრული სპექტრია წარმოდგენილი, კუჭის კიბოს მკურნალობა კოპლექსურია და იგი მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას. ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ყველა მეთოდი განსხვავებულია. კუჭის კიბოს საწყის სტადიაზე მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, ხოლო გავრცელებული ფორმების მკურნალობა კომბინირებულია. ონკოლოგიურ დეპარტამენტში ხდება თითოეული პაციენტის ისტორიის განხილვა, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა მულტიდისციპლინური ონკობორდის მიერ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, კლინიკაში ყოველდღიურად კეთდება ყველა სირთულის და მასშტაბის ოპერაცია, როგორც ტრადიციული, მუცელკვეთით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით. ქირურგიული მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით.

– რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და როგორ შეიძლება ამან შეცვალოს მკურნალობის შედეგი?

– ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ კუჭის კიბო, არამედ მთელი რიგი ონკოლოგიური პათოლოგიების ნაადრევი დიაგნოსტირება პირდაპირპროპორციულია ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის კარგ შედეგთან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ჩემი, როგორც ქირურგი ონკოლოგის რჩევა იქნება, დავუთმოთ მეტი დრო ჩვენს ჯანმრთელობას, ყურადღება მივაქციოთ საწყის ჩივილებს და დროულად მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

– რა არის ყველაზე გავრცელებული მითი კუჭის კიბოს შესახებ, რომლის შესახებ მნიშვნელოვანია პაციენტთა ინფორმირება?

– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ხშირად ვხვდები, – თითქოს, კუჭის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. კუჭის კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტს უტარდება ტოტალური გასტრექტომია, რაც ნიშნავს კუჭის სულ ამოკვეთას და შემდგომ რეკონსტრუქციას. ამ მდგომარეობაში ცხოვრება ჩვეულებრივად შესაძლებელია.

– რამდენიმე რჩევა ზემოთ კი მოგვეცით, მაგრამ კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა პრევენციისთვის?

– იმისთვის რომ კუჭის კიბოს განვითარების რისკი შევამციროთ, – აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ამოვიღოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ არაჯანსაღი საკვები, როგორიცაა დამარილებული, შებოლილი, ნახევარფაბრიკატები, თერმულად დამუშავებული საკვები, წითელი ხორცი, მივიღოთ ხილი და ბოსტნეული. არა მხოლოდ კუჭის, ზოგადად ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ თამბაქოსა და მძიმე ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭის კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება. სასურველია, ექიმის კონსულტაციით, გარკვეული ინტენსივობით ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და მცირე ჩივილების შემთხცევაშიც კი დროულად მიმართოთ შესაბამის ექიმს.

სრულად წაკითხვა